ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციის გაერთიანება სკეპტიკურად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, ეს ვერც მოხერხდება

ოპოზიციის გაერთიანება სკეპტიკურად გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, ეს ვერც მოხერხდება. მიზეზები საკმაოდ მრავალია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებას მხოლოდ მათი ძალა ვერ შეძლებს და საჭიროა ოპოზიციის გაერთიანება.

მისი მოსაზრებით, თუნდაც რომ შედგეს დათქმა, ამ გაერთიანებაში მოხდება ოპოზიციური პარტიების ძალთა თანაბარი გადანაწილება და ამგვარად დომინანტი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ასე მაინც ვერ მოხერხდება. მეორე - მოცემულობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დომინანტი არ იქნება ამომრჩევლის განწყობაში არაფერს ცვლის.

ძაბირაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ამყოფოს.

„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა გაანალიზოს რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ხდება, საით მიდის ეს პოლიტიკური პროცესები, თორემ ასეთი ინიციატივები მუდმივად იქნება. პრობლემა იმაშია, რომ ისედაც დაბნეულ ოპოზიციურ ამომრჩეველში ეს იწვევს კიდევ ერთ აფორიაქებას, გადაჯგუფებას, უკმაყოფილებას და ა.შ. და საბოლოო ჯამში, ოპოზიციის საწინააღდეგოდ მუშაობს. თუ ზოგადად პროცესს შევხედავთ არამხოლოდ დღევანდელს და აქ, მხედველობაში მაქვს 2003-2012 წლებში ხელისუფლების ცვლილება, იმ დროს გარკვეული კონცენტრირება ორჯერვე მოხდა, მაგრამ მაშინ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩეველი ერთმანეთთან თავსებადი იყო. ბლოკში შემავალი პარტიები, 2003 და 2012 წლებში მიუხედავად პოლიტიკური სიჭრელისა, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის მთლიანობაში მიუღებელი არ ყოფილა. ასევე, ერთი პარტიის ამომრჩევლისთვის მეორე პარტია არ იყო მიუღებელი. აი, ახლა კი, ამომრჩეველი ერთგვაროვანი არ არის. დღეს, ოპოზიციური ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდური ნაწილი არის ისეთი, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია და თუ დადგება საკითხი დიდი პოლიტიკური გაერთიანება, როგორიც იყო „ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება“ ძირითადად ასეთი ამომრჩეველი ან არ მიდის არჩევნებზე ან თუ მიდის ხმას აძლევს ისევ „ქართულ ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებას. ამის ძალიან მარტივი მაგალითია საპრეზიდენტო არჩევნები, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურს. ასევე მაგალითისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა გაზარდა, მაგრამ საკითხავია, რამდენად გაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები? ანუ სააკაშვილის ჩამოსვლამ არჩევნებზე გავლენა იქონია, მაგრამ რომელი ამომრჩეველი უფრო გააქტიურა, ის, ვინ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს, თუ ის, რომლისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელი იყო? არ ვიცი, თითქოს ეს მარტივი თემებია, მაგრამ აბა, რას აკეთებენ ეს პოლიტიკოსები თუ ანალიზს არ აკეთებენ? ამიტომ, გაერთიანების ეს თემა ზუსტად არის განსასაზღვრი. არის ოპოზიციური ამომრჩეველი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი, ერთ კალათაში მოხვდება ამომრჩეველი და არჩევანი დადგება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უპირატესობას ისევ „ქართული ოცნება“ აიღებს. ჯერჯერობით ასეა და ხვალ არ ვიცი, რა იქნება“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება.

„მარტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეიძლება პატარა პარტიებს აკომპლექსებდეს: „თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხართ, მაგრამ პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალი არჩევნების შედეგად, არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საზოგადოება დააკომპლექტებს მრავალპარტიულ, კოალიციურ მთავრობას, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა