სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა თანამშრომელთან მომხდარი ფაქტის შესახებ სასამართლოს ჩვენება მისცა

რას მიპირებ ახლა, რა უნდა გამიკეთო, რაში უნდა დამეხმაროო, მკითხა. თამთა, რაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარე, მეტი არ შემიძლია-მეთქი. ისეთი სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, შემზარა - მატყუარა, არაკაცო, გაიძვერა მეძახა, - ამის შესახებ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულმა, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლოში განაცხადა.

ის სასამართლოში ჩვენებას საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე აძლევს. ჯიშკარიანმა დეტალურად გაიხსენა შემთხვევის დღე - 2019 წლის 30 სექტემბერი. ბრალდებულმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ დაიწყო თამთა თოდაძემ მასთან მუშაობა.

„შტაბში შემოიტანეს დამატებით მაგიდა, მითხრეს ცენტრალური ოფისიდან, რომ ახალგაზრდა გოგოა, თქვენც დაგეხმარებათ და ჩვენს საქმესაც გააკეთებსო. ამ დროს გავიცანი თამთა თოდაძე, საარჩევნო პერიოდში ერთად ყოფნა მოგვიწია. ჩანდა, რომ ნიჭიერი გოგო იყო, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება არ შემიმჩნევია. არჩევნების დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, ხომ კარგი გოგო არის და თუ შეგიძლიათ ხელი შევუწყოთო. დაფიქრება მომიწია, როგორ მომეყვანა ჩემთან თამთა დეპუტატის ბიუროში, გადავაწყვე გეგმები და წავიყვანე, გაუხარდა მასაც და ჩვენც“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც ჯიშკარიანმა განმარტა, შემთხვევის დღეს ის ოფისში თამთა თოდაძესთან და მეგობრებთან ერთად სვამდა. ბრალდებულმა მოსამართლესთან ასევე გამოხატა წუხილი, რომ მის ჩვენებას მეუღლე არ ესწრებოდა.

„2,5 წელია ეს პროცესები მიდის. თავის მართლების რეჟიმში ვარ. მე მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილი. თამთა თოდაძის დროს სხდომა დაიხურა. ჩემი მეუღლე გაძევებულად ჩავთვალე. მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, მინდოდა მის საუბარს დასწრებოდა. 36 წელია მეუღლეა, ახლაც ვერ მოისმენს რას ვსაუბრობ, ძალიან მტკივა გული.

30 სექტემბერი მახსოვს და რა დამავიწყებს, ოფისში დაახლოებით, 12 საათისკენ მივედი, სადაც დამხვდა თოდაძე. სასურსათო მაღაზიაა იქვე, რომლითაც ვსარგებლობდი, 1 ბოთლი კონიაკი, შავი პური, ძეხვი ვიყიდე, ესენი სამზარეულოში დავდე, დაბარებული მყავდა მოქალაქეები, რამდენიმე მათგანი მოვიდა, ვისაუბრეთ, რაც ჩემი მოვალეობა იყო, შევასრულე. მოქალაქეების გასტუმრების შემდეგ, გაკეთებული იყო ბუტერბროდები, კონიაკიც იქვე იდგა, თამთამ მკითხა, ბატონო ილია, დალევთ კონიაკსო? არა, მანქანით ვარ-მეთქი, თან მეუღლესთან შეთანხმებით შვილიშვილი უნდა წაგვეყვანა, სიცხე ჰქონდა. ეს კონიაკი გაიხსნა, დაისხა, მეც დამისხა, მივუჭახუნეთ, მახსოვს, მამუკა გოქსაძე შემოვიდა. ეს მეორე მაგიდაზე გადავიტანოთ-მეთქი, ვუთხარი, რომ თეფშები კიდევ დაემატებინა, ვინაიდან მეგობრებს ველოდებოდი და ამიტომაც ვიყიდე ეს კონიაკი. ჩემთვის განკუთვნილ სკამზე დავჯექი, მამუკამ შემოიტანა ერთი სკამი, თამთაც და მამუკაც დასხდნენ. ამასობაში ჩემი კიდევ ერთი მეგობარი მოვიდა, ვის გამოც მქონდა ეს ყველაფერი გამიზნული.

შეიძლება 2 ჭიქა, შეიძლება, 3 ჭიქა დავლიე, ყველა სხვადასხვა ზომის ჭიქებით ვსვამდი. სუფრა თოდაძემ გაშალა. რადგან ყველა ავტომანქანით ვიყავით, პატარა ჭიქებით ვსვამდით მე და ჩემი მეგობრები, ყავის, თუ ჩაის ცოტა მოდიდო ჭიქით სვამდა თამთა. მას ხშირად ახასიათებდა ბევრი საუბარი, ხანდახან გადამეტებულიც. სუფრასთან სვამდა. ნახევარი ლიტრიდან დაახლოებით, 300-350 გრამს დალევდა.

მეგობარმა მას წაყვანა შესთავაზა, მაგრამ არ წაყვა. მეგობრების წასვლის შემდეგ, ჩემ მაგიდასთან ვიყავი, თამთა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვიდა და თავის ადგილას დაჯდა, ფანჯარასთან, რომელიც ღია იყო. ვუთხარი, გაყოლოდი ბარემ-მეთქი, პირველივე სიტყვიდან ვიგრძენი, რომ ის დამოკიდებულება აღარ იყო, როგორიც სუფრაზე. თვენახევრის წინ რაღაც იყო, მეგონა მეტყოდა - მაპატიე და ა.შ, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა, არეული სახე ჰქონდა.

რას მიპირებ ახლა მე, რა უნდა გამიკეთო, რაში უნდა დამეხმაროო, მკითხა თოდაძემ. თამთა, რაც შემიძლია, ყველაფერში დაგეხმარე, მეტი არ შემიძლია-მეთქი. ისეთი სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, შემზარა - მატყუარა, არაკაცი, გაიძვერა ხარო. ვუთხარი, ახლავე დატოვებ ოფისს და გახვალ-მეთქი. ამის თქმა იყო და წამოდგა, პრინტერი გადმოაგდო, მაგდებ, არაო? დაილეწა პრინტერი, მონიტორი, სახეზე რომ ვუყურებ, უკვე მგონია, რომ რაღაც ნიღაბი უკეთია. ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერაფერს აკონტროლებდა, გადმოგდებული პრინტერის სადენებს წამოდო ფეხი და გულის პირზე გაიშხლართა. მივედი, ავაყენე, დაწყნარდი-მეთქი, მაგრამ ხელებს იქნევდა, სახეში მირტყამდა, რამდენიმე სილა გამარტყა, სახეში „ლაწანი-ლუწინი“ მაქვს, მინდა ხელი დავუჭირო, ამის შემდეგ აგრესიული ფეხებს იქნევდა. ფეხები რამდენჯერმე დამარტყა, თავი დავიცავი, ჩემ გონებაში მაინც სხვაგან ვიყავი - რა ხდება, რასთან გვაქვს ადგილი-მეთქი. ისევ სიტყვიერ ლანძღვა-გინებაზე გადავიდა. ჩვენი განშორება წამოყენების შემდეგ მოხდა, დამემუქრა - ვინ ვის გააგდებს, ნახავ შე გარეწაროო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა, რომელსაც პროკურორმა შენიშვნა მისცა, „გასაგები სიტყვებით ესაუბრა“, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ „ის კახელია და შიგადაშიგ კახურ სიტყვებს იყენებს“.

მისივე თქმით, მან მეუღლესთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო, რომ პატრულის გამოძახება უკვე დამშვიდებულ სიტუაციაში მიზანშეწონილი არ იყო. მეორე დღეს კი, მომხდარის შესახებ საქმის კურსში გიორგი ტყემალაძე ჩააყენა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა