მამუკა არეშიძე - ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება სჭირდება არამხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც, თუმცა ჯერ ამ ბოლო ორმა ეს ვერ შეძლო - რასაც ბაიდენმა წუხელ ხელი მოაწერა, სჯობდა არ მოეწერა

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ამ სიტუაციაში სახის შენარჩუნება სჭირდება არამხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც, ჯერჯერობით კი ამ ბოლო ორმა სახე ვერ შეინარჩუნა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვლადიმერ პუტინმა და რუსეთმა განახორციელეს ის ქმედება, რომელიც შექმნილ ვითარებაში, მათი აზრით, სახეს შეუნარჩუნებდა - არ გავიდა ფართომასშტაბიან კონფლიქტზე, მაგრამ ლოკალური კონფლიქტის მეშვეობით მოახერხა, გარკვეულწილად, თავისი ნათქვამის გატანა.

„მათ შექმნეს ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც აპრობირებული იყო საქართველოში და რომელიც არ გაითვალისწინა შემდგომში არავინ, არც დასავლეთმა და არც უკრაინის ხელისუფლებამ, რომ ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი იყო პუტინი ანუ ის, რაც გააკეთა მან საქართველოში - ვითარების მომზადება, პროვოკაციული გარემოს შექმნა, ვითომ თავდასხმები და აფეთქებები, მასობრივი ევაკუაცია და შემდეგ ეს ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, დასავლეთის პოზიცია, როგორც ჩვენს შემთხვევაში იყო, ახლაც საკმაოდ ბუნდოვანია, მე კრეფსით დასავლეთს ვგულისხმობ, თორემ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნათელია. განსხვავება მაინცაა ჩვენს მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის ის, რომ ზელენსკიმ გაითვალისწინა ჩვენი დაშვებული შეცდომა და პროვოკაციას არ წამოეგო, ჯერჯერობით, ასეა. შეტევა არ წამოიწყო ლუგანსკსა და დონეცკზე. იცით, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიების მხოლოდ ნახევარს აკონტროლებენ სეპარატისტები, დანარჩენ ნახევარს ოფიციალური კიევი. დაახლოებით ისე, როგორც ცხინვალის შემთხვევაში და ნაწილობრივ, აფხაზეთის შემთხვევაში იყო. რუსეთს ძალიან უნდოდა ლოკალური ომი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა, უკეთეს შემთხვევაში, ქალაქი მარიოპოლი დაეკავებინა, რაც მას სტრატეგიული თვალსაზრისით სჭირდებოდა. მაგრამ უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც უკვე გითხარით და როგორც ჩანს, გაითვალისწინა რა ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები, ამ ნაბიჯის გადმოდგმის საშუალება, ჯერჯერობით არ მისცა, თუმცა, დღეს და ხვალ რა იქნება, არ ვიცი. პრაქტიკულად მოსკოვში მიაჩნიათ, რომ რომ არა კრეფსითი დასავლეთის და ნატოს ხელმძღვანელების ხისტი პოზიცია, უკრაინა დათანხმდებოდა მინსკის ხელშეკრულების რეალიზაციას და არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, ამას მოწმობს დიმიტრი მედვედევის განცხადებაც,“- განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ჩვენთვის მთავარი აღიარებები კი არაა, არამედ პარტნიორების რეაქციაა.

„ჩვენი პარტნიორების პირველი რეაქცია იყო არასწორი და მიუღებელი. იმას, რასაც ამ აღიარების შემდეგ, გუშინ ღამე ბაიდენმა მოაწერა ხელი, სჯობდა არ მოეწერა. ეს თავისთავად იგულისხმებოდა, სანქციების დაწესება ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებისა და ამ რეგიონების მიმართ. ეს არის ცინიზმი. ყველა ელოდებოდა მასშტაბურ სანქციებს ევროკავშირის მხრიდან. ჯერჯერობით, ეს სანქციები არ ჩანს. თუ ისევ უკან დაიხია კრეფსითმა დასავლეთმა, მაშინ პრაქტიკულად მოსკოვს ხელი აქვს გახსნილი და მომავალში ის განახორციელებს ყველა იმ ტიპის მოქმედებას, რომელიც მისთვის იქნება სასარგებლო. რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, შეკვეცილ ფარგლებში, ბალტიისპირეთის თემას არ შეეხება ამ ეტაპზე. უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის შემდეგ იქნება ყაზახეთი. ამასობაში ჩინეთი ძალიან აქტიურად ემზადება ტაივანის დასაბრუნებლად. თუ გამოჩნდა დასავლეთის სისუსტე, რაც გამოჩნდა კი არა ჩანს, ერთი პირი არ აქვს დასავლეთს და აქედან გამომდინარე ვერ იღებს კოლექტიურ გადაწყვეტილებებს აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთი და ჩინეთი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში, ძალიან შეზღუდონ ან დააკნინონ დასავლეთის ეკონომიკური თუ სამხედრო პოლიტიკური სიძლიერე. შესაძლებელია დასავლეთის მხრიდან ეს თამაში იყოს, მაგრამ თამაშსაც თავისი წესები აქვს. ისე არ უნდა ითამაშო, რომ საბოლოო ჯამში, წაგებული აღმოჩნდე. სახის შენარჩუნება ამ სიტუაციაში სჭირდება არამხოლოდ მოსკოვს, არამედ ვაშინგტონსაც და ბრიუსელსაც, ჯერჯერობით, ამ ბოლო ორმა სახე ვერ შეინარჩუნა“, - განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს