გიგი გიგიაძე - პუტინის განცხადება ტყუილის და ისტორიული ფაქტების გაყალბების ნაზავი იყო - რუსეთს უნდა საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიოს აჩვენოს, რომ სანქციების არ ეშინია

პუტინის განცხადება ტყუილის და ისტორიული ფაქტების გაყალბების ნაზავი იყო - პუტინის მთავარი მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია და ევროპაში არსებული, შეთანხმებული საზღვრების უგულებელყოფა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ექსპერტმა გიგი გიგიაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პუტინისთვის დიდი ტრაგედიაა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და აქვს სურვილი, რომ ამა თუ იმ ფორმით ამის რეინკარნაცია მოახდინოს.

„ეს იყო სრული გადახაზვა არსებული რეალობის და ისტორიული ფაქტების გაყალბება, ეს იყო მიზანმიმართულად უკრაინის სახელმწიფოებრიობაში ეჭვის შეტანა. პუტინმა ამ ტყუილის ნაზავით ძალიან მკაფიოდ დასვა ის აქცენტი, რისი თქმაც უნდოდა - ის ისევ ისე განიცდის საბჭოთა კავშირის დანგრევას, როგორც განაცხადა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე, მისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მისი სურვილია ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს ამის რეინკარნაცია. ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოხდა. მან ამ ბრძანების ხელმოწერიდან დაუყოვნებლივ გაგზავნა ე.წ. მშვიდობისმყოფელები და ფაქტობრივად, დაიწყო სამხედრო ძალის შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ორივე ოლქი, ლუგანსკიც და დონეცკიც გაცილებით უფრო დიდია ტერიტორიულად, ვიდრე ამ ეტაპზე სადაც იმყოფებიან სეპარატისტები, შესაბამისად, არ არის გამორიცხული სწორედ აქ უფრო გაძლიერდეს სამხედრო შეტაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ისახავს მიზნად ამ ეტაპზე რთული იქნება ამის თქმა. მისი მთავარი მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია, ევროპაში არსებული შეთანხმებული საზღვრების უგულებელყოფა და ევროპის უსაფრთხოების ხელახლა, მისებური გადააზრება, მისი მიღებული ფორმით ხელახლა შექმნა და ძალიან რთული სათქმელია სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

მისივე შეფასებით, რუსეთს სურს საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიოს აჩვენოს, რომ სანქციების არ ეშინია, მაგრამ დასავლეთის მიერ გამოყენებული სანქციები ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის.

„უკრაინის პრეზიდენტი იყო მართალი, როდესაც ამბობდა, რომ აუცილებელია რუსეთისთვის სანქციების დაწესება რაც შეიძლება სწრაფად, სანამ რუსეთი განახორციელებდა იმას, რაც გუშინ მოხდა. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ რას მოიცავს ეს სანქციები და რამდენად ქმედითი და რამდენად ძლიერია ეს სანქციები. ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ის, რომ უკვე გარკვეული ცვლილებები ხდება რუსეთის ეკონომიკაში, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა რუბლმა დაიწყო გაუფასურება, დაეცა აქციების ფასი სხვადასხვა ბირჟაზე, მაგრამ ეს ასევე ძალიან ნეგატიურად აისახება უკრაინის ეკონომიკაზეც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს 3 მხრიდან ფაქტობრივად ალყაში ჰყავს უკრაინა, გადაჭრით რამის გამორიცხვა რთულად მესახება, არაფერს არ გამოვრიცხავ. როგორც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხილვა და დაზუსტდება ყველა ის სანქცია, რომელიც იქნება დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს უნდა საკუთარ მოსახლეობას და მსოფლიოს აჩვენოს, რომ სანქციების არ ეშინია, მაგრამ ის სანქციები, რომლებიც აქამდეც იყო მის წინააღმდეგ და რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება გამოყენებული, ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა გიგიაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოს დგას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და ახლა საჭიროა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახოს სინამდვილეში რა მოხდა 2008 წელს. გიგიაძის თქმით, რუსეთი უკრაინასთან იგივე ტაქტიკას იყენებს, რაც 2008 წელს საქართველოსთან გამოიყენა.

„პუტინმა საქართველო ახსენა თავის გამოსვლაში და გაიხსენა ბუქარესტის სამიტი, როდესაც საქართველოს და უკრაინას ძალიან კონკრეტულად მისცეს პირობა, რომ ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქართველო პირდაპირ ბმაშია უკრაინასთან და ეს პროცესები, რომელიც ვითარდება უკრაინაში პირდაპირ აისახება საქართველოზე. მიმაჩნია, რომ საქართველომ ახლა მაქსიმალურად უნდა იაქტიუროს და დაანახოს მთელ მსოფლიოს თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წელს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ყველა ხედავდეს, რომ მოვლენები, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში ვითარდება დასაბამს იღებს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა მოახდინა თავისი მეზობლის, სხვისი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და შემდეგ მათი აღიარება. მიმაჩნია, რომ ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რომ ფაქტობრივად იგივე გეგმით ხელმძღვანელობს რუსეთი და იყენებს იგივე ტაქტიკას, რაც გამოიყენა საქართველოსთან 2008 წელს“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა