გიორგი რუხაძე - როცა პარტნიორები მკაცრ განცხადებებს აკეთებდნენ, საქართველო სიჩუმის მდგომარეობაში იყო, ახლა, როცა მოქმედება ფასობს, ჩვენი ხელისუფლება განცხადებებზე გადავიდა - ბოლოში რომ ოროსანი მოსწავლეა და როდისღაც შიშით აიწევს ხელს, ისეთი ამბავია

როცა პარტნიორები მკაცრ განცხადებებს აკეთებდნენ, საქართველო სიჩუმის მდგომარეობაში იყო, ახლა, როცა მოქმედება ფასობს, ჩვენი ხელისუფლება განცხადებებზე გადავიდა - ბოლოში რომ ოროსანი მოსწავლეა და როდისღაც შიშით აიწევს ხელს, ისეთი ამბავია, - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ უკრაინა-რუსეთის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაგირებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა რაც არ უნდა მკაცრი განცხადებები გააკეთოს, ახლა განცხადებებს ფასი აღარ აქვს და „საქართველო დასავლურ რეაგირებას უნდა დაეწიოს“.

„როდესაც დასავლელი პარტნიორები გადასული იყვნენ უკვე მკაცრ განცხადებებზე, საქართველო იყო მაშინ სიჩუმის მდგომარეობაში, ახლა, როდესაც განცხადებები უკვე აღარ ფასობს, ახალ უკვე მოქმედება ფასობს და დასავლეთი გადავიდა მოქმედებაზე, რატომღაც ახლა საქართველოს ხელისუფლება გადავიდა განცხადებებზე. ოროსანი მოსწავლე ბოლოში რომაა და შიშით რომ როდისღაც ხელს აიწევს დაახლოებით ეგეთი ამბავია. წინ ახლა უკვე სხვა რაღაც ხდება და საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს დაახლოებით ისე, როგორც უნდა მოეხდინა რეაგირება 3 თვის წინ. ჩემი აზრით, საქართველო უნდა დაეწიოს დასავლურ რეაგირებას სანამ დროა იმიტომ, რომ ახლა რაც არ უნდა თქვას ღარიბაშვილმა, რომ გამოვიდეს და სასწაულად მკაცრი განცხადება გააკეთოს, არანაირი ფასი არ ექნება მაშინ, როდესაც დასავლეთი უკვე კონკრეტულ სანქციებს უწესებს რუსეთს და იარაღს აწვდის უკრაინას დიდი რაოდენობით“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ამასთან, გიორგი რუხაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ტიპის სანქციები შეუძლია საქართველოს რუსეთის მიმართ აამოქმედოს.

„სანქციებთან ფრთხილი მოპყრობის მომხრე ვარ და არ მგონია, რომ საქართველომ ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რომ თავი დააზიანოს ამ პროცესში, მაგრამ, ჩემი აზრით, აუცილებელი რეაგირება, რომელიც საქართველომ უნდა მოახდინოს არის ის, რომ იმ სანქციებს უნდა მიუერთდეს, რომელიც კონკრეტულად ეხება ახალ აღიარებულ ე.წ. რესპუბლიკებს. მაგალითად, ბაიდენმა პირველი დონის სანქციები რაც დააწესა, გამოვიდა იმ ღამესვე და თქვა, რომ ინვესტიციები აღარ იქნება, ამერიკელები იქ ფულს აღარ დააბანდებენ, დაახლოებით ასეთი სანქციები, კონკრეტულად იმ აღიარებულ რესპუბლიკებს საქართველომ უნდა დაუწესოს, უნდა თქვას, რომ ქართული კაპიტალი იქ არ წავა. რადგან შენ გაქვს ზუსტად იგივე პრობლემა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში და შენ თუ ამაზე ასე არ რეაგირებ, ნიშნავს, რომ ოკუპაციის კანონი აღარ არსებობს შენთან. ოკუპაციის კანონის სულისკვეთებით უნდა იმოქმედო. ეს სანქციები ჩემი აზრით საქართველოს დიდად არ დაარტყამს. არ ვიცი, რა რაოდენობის კაპიტალია ლუგანსკში ქართული, მაგრამ ეს იქნება ძალიან გასაგები განაცხადი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

მეორე სერია სანქციების, ჩემი აზრით, უნდა იყოს ინდივიდუალური სანქციები. 345 დეპუტატს, რომელსაც უკვე ევროკავშირმა დაუწესა სანქციები, რატომ არ შეუძლია, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები? საქართველოს ეკონომიკა იზარალებს განსაკუთრებულად? რა ვიცი, გავრილოვები და ვიღაცები ვეღარ ჩამოვლენ სხვა არაფერი არ მოხდება და ეს განაცხადი იქნება, რომ შენ ევროკავშირთან დადგები. შემდეგი სერია უნდა იყოს ბანკების საკითხი, რა თქმა უნდა, უნდა განიხილონ, ეკონომისტები უნდა დასხდნენ და თქვან, საქართველოს ეკონომიკა რით იზარალებს ნაკლებად, რა ნაბიჯი ჯობია რომ გადადგას. ჩვენ ერთის მხრივ არ უნდა მივიღოთ ის, რომ საკუთარი ხე მოვჭრათ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ არ უნდა ავცდეთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე ქმედებაზე არიან გადასული და ახლა რაც არ უნდა გააკეთოს, ტიტველი რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს ამას, ქმედებაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ასევე გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა რუსეთის ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების როლზე და გავლენაზე.

როგორც რუხაძე ამბობს, დასავლეთის სანქციები პუტინის გეგმებს ვერ შეცვლის, თუმცა რუსეთის ეკონომიკაში დამდგარი შედეგები ცვლილებებს მოიტანს.

„რეალურად, ის სანქციები, რომელიც დაანონსდა, თავისი შინაარსით უკვე უპრეცედენტოა, აქამდე რუსეთის წინააღმდეგ ასეთი სანქციები არ დაუწესებიათ, შესაბამისად, ზუსტად რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს რუსეთის ეკონომიკაზე გრძელვადიან თუ საშუალოვადიან პერიოდში ეს ჯერ კიდევ დასათვლელია. კითხვა ასე კი არ უნდა დაისვას, ეს სანქციები საკმარისია თუ არა პუტინის შესაჩერებლად, ყველა სანქცია ერთად რომ დააწესო ისიც კი ვერ გააჩერებს ამ შემთხვევაში პუტინის ნაბიჯებს და მის გეგმებს მყისიერად ვერ შეცვლის. სანქციებს ექნება თავისი შედეგები და ერთი ნაწილი იქნება, რომელიც ზოგადად ეკონომიკას შეარყევს, ვადევნებთ თვალს საფონდო ბირჟას და ვხედავთ სამი დღის განმავლობაში რუსული კომპანიების აქციებს რა დაემართა, ეს პროცესი გაგრძელდება და ბუნებრივია, იმ კომპანიის მფლობელები ჩავარდებიან ცუდ მდგომარეობაში. ამას დავუმატოთ ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს დაუწესეს სანქციები, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც სულაც არ არის დუმის წევრი ისიც კი მიასანქცირეს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას დავუმატოთ ის, რომ ევროპა ნელ-ნელა უარს იტყვის რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე, ყველაზე ნაკლებ დარტყმას რუსეთი ელოდა გერმანიისგან და გერმანიისგან მან მიიღო პირველი დარტყმა. ამას კიდევ მიჰყვება სხვა სანქციები და ბოლოს მივდივართ შედეგამდე, თუ რუსული რუბლი გაუფასურდება, თუ ადამიანებს ცხოვრება ისე გაუძვირდებათ, რომ ძალიან გაღარიბდებიან, თუ პუტინის გარშემო ადამიანები უკმაყოფილო დარჩებიან, ეს რა თქმა უნდა, სერიოზულად გაზრდის უკმაყოფილებას ლიდერის მიმართ და ეს გამოიწვევს მერე უკვე ცვლილებებს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა