ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი - გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება

ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ძალიან მაგარი მორაგბეებით, ჩვენი სპორტსმენებით, ჩვენი გმირი ბიჭებით, რომლებიც ძალიან ბევრჯერ გვახარებენ დამაჯერებელი გამარჯვებებით და მჯერა, კვირას ისინი კიდევ ერთ მორიგ დიდ გამარჯვებას მოიტანენ რაგბიში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს.

„მე, როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არაერთი გამოცდილება გვქონია ჩვენ. ჩვენი, ქართველი მორაგბეები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, ამიტომ ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ. ხალხთაშორისი ურთიერთობა არის ერთი. მოგეხსენებათ, პანდემიამდე ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდიოდა, ახლაც ჩამოდიან, დიდი სურვილი მაქვს, კიდევ ჩამოვიდნენ, დაისვენონ და ჩვენი ლამაზი ქვეყანა ნახონ, ხალხთაშორისი ურთიერთობა უნდა განვითარდეს, უნდა აღდგეს ნდობა და განმტკიცდეს ურთიერთობები. ასევეა სპორტსმენებს შორის. ჩვენი ბევრი სპორტსმენი რუსეთში მოღვაწეობს, მიდიან, მოდიან, ყველგან ტარდება მატჩები, ასე, რომ ყოველგვარი პოლიტიკისგან უნდა დავაშოროთ სპორტი. ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება.

მინდა, ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ჩვენს ოპონენტებს, ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერებაც, ტურიზმის დაკეტვა, ქვეყნის დაკეტვა, ახალი ომის დაწყებაც, ნებისმიერი პროვოკაციის გამოყენება, რომელიც გაართულებს ჩვენს ვითარებას, იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შანსს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენი პასუხი ნებისმიერ პროვოკაციაზე, იქნება ეს კვირას თუ ზოგადად, იქნება ძალიან მკაცრი. ჩვენ ქვეყანაში არავის მივცემთ სიტუაციის არევის საშუალებას. ის, რაც მოვახერხეთ ჩვენ, უპრეცედენტოა და გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. 9 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია ომი. მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნეთ მშვიდობა, სიმტკიცე, განვითარება და უამრავი სხვა პერსპექტივა გავუჩინეთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს