ირაკლი ღარიბაშვილი - იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიის გზით

იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარი განაცხადეს და უკრაინას იარაღი არ მიაწოდეს. ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, ასევე რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების, მხოლოდ დიპლომატიის გზით. ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: „ჩვენ ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ომის საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ომი უნდა იქნას თავიდან აცილებული. ეს ყოველივე უნდა გააკეთოს მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ამ პროცესში თუ რაიმე წვლილს შევიტანთ, ეს ძალიან კარგი იქნება“.

კითხვაზე: არის თუ არა საქართველო მზად იკისროს შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის? - ღარიბაშვილმა განაცხადა: „როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ მე რაღაც როლი შევასრულო რუსეთსა და უკრაინას შორის? ეს ხომ წარმოუდგენელია?!“

ამასთან, ღარიბაშვილმა განმარტა, რომ გარკვეული პლატფორმის შეთავაზებაც კი არარეალურად ეჩვენება.

„თუმცა, ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ სიტუაციის დეესკალაციაში. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, ზედმეტი წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს. რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ არ უნდა გავცდეთ ამ რეალობას. ეს ზედმეტი ემოციები და სიტყვები არაფრის მომცემი არ არის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო