თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თეა ახვლედიანმა კომისარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები გააცნო, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიცაა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და სხვ.

„აღინიშნა საერთაშორისო ჩართულობისა და მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობა, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების, ისევე როგორც ახალგორის რაიონში ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და ხელოვნურ იზოლაციაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნულ კონტექსტში, უცხოელ სტუმარს ასევე, ინფორმაცია მიეწოდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.

თეა ახვლედიანმა კომისარს ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობამ 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები განისაზღვრა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, საერთაშორისო პარტნიორების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია რიგი კონკრეტული ინიციატივები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შემდგომ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ევროპის საბჭოს როლისა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის გაღრმავებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამეტური უფლებების დაცვის კუთხით.

„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმ ფონზეც, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი საერთაშორისო მექანიზმების ფუნქციონირება იზღუდება. ჩვენ ხაზი გავუსვით ადგილზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვის, განსაკუთრებით გალსა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებს. განსაკუთრებული აქცენტი უკანონო დაკავებებსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე გავაკეთეთ, რასაც არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. ქალბატონ დუნია მიატოვიჩს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები გავაცანით და ასევე, იმ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივების თაობაზე ვიმსჯელეთ, რომელსაც ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის კონტექსტში ვაყალიბებთ,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო