დავით ბაქრაძე - საქართველო უნდა იყოს სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ, გახდეს აგრესიაზე დემოკრატიული სამყაროს პასუხის ნაწილი და შეძლოს ქვეყნის შიგნით პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებით მეტი ერთიანობის მიღწევა

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო საქართველო ყველა იმ ნაბიჯს უნდა შეუერთდეს, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები რუსული აგრესიის შესაკავებლად მიმართავენ. მისივე თქმით, დღეს უკრაინაში წყდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი ევროპული სივრცის და მათ შორის საქართველოს ბედი.

ამასთან, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, „საქართველოსა და ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ უკრაინამ გაუძლოს ამ აგრესიას და დაამარცხოს ბოროტება“.

„შექმნილ ურთულეს ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი და პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდეს: საქართველო უნდა იყოს ბოლომდე სოლიდარული უკრაინის მიმართ და გააკეთოს ყველაფერი ჩვენი უკრაინელი ძმების დასახმარებლად; საქართველო მკაფიოდ უნდა იყოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სივრცის ნაწილი და შეუერთდეს ყველა იმ მოქმედებასა და ნაბიჯს, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები რუსული აგრესიის შესაკავებლად მიმართავენ; ამ კრიზისულ სიტუაციაში აუცილებელია ქვეყნის შიგნით მეტი ერთიანობა და პოლარიზაციის შემცირება.

როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან აუცილებელია პარტიული ინტერესების გვერდზე გადადება, ერთად დადგომა და სახელმწიფო ინტერესების წინა პლანზე წამოწევა. ვფიქრობ, რომ ამ სამი პრინციპის შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში საქართველო შეძლებს, იყოს საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობის ნაწილი, შეძლებს, დახმარება გაუწიოს უკრაინას და ამავე დროს თავიდან აიცილოს ამ ბოროტების, რუსეთის ქმედებებით გამოწვეული შედეგები“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა