პაატა მანჯგალაძე - ეს არ არის საკუთარი სახლი, რომ პაპუაშვილმა ან კობახიძემ გადაწყვიტოს, გააღებს თუ არა პარლამენტის კარს - პუტინმა ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა, „ოცნებამ“ კი საპროცედურო ბრძოლა გამოგვიცხადა

იმ ვითარებაში, როდესაც პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გამოგვიცხადა საპროცედურო ბრძოლა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, საქართველოსა და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. ამასთან, იზიარებენ რეალობას და არავის მოუწოდებენ ომისკენ.

„ეს არ არის სენაკის საკრებულოს სხდომა, რომ ჩვენ საპროცედურო ბრძოლები გავმართოთ. ჩვენ გვინდოდა საქართველოს, ქართველი ხალხის სახელით ერთიანობა დაგვეფიქსირებინა. სამწუხაროდ, იმ ვითარებაში, როდესაც პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გამოგვიცხადა საპროცედურო ბრძოლა. ეს არის ძალიან მძიმე. არავინ ამბობს, რომ ახლა საქართველოს შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტიურობა უნდა გამოვიჩინოთ საბრძოლო თვალსაზრისით. აქ საუბარია მშვიდობისკენ მოწოდებაზე. ჩვენთვის და უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. რუსეთი არის ოკუპანტი, რაც ხორციელდება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ძალიან მძიმეა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური საგანგებო სხდომას იწვევს და „ქართული ოცნება“ მას და ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში საპროცედურო ბრძოლას უცხადებს. ჩვენ ვიაზრებთ რეალობას, არავის მოვუწოდებთ ომისკენ. აქ საუბარია ჰუმანიტარული მისიის განხორიციელებაზე, მშვიდობისკენ მოწოდებაზე. არ უნდა ეს „ქართულ ოცნებას“. თუ გზავნილი აქვთ რუსეთისგან გვითხრან, რომ საგანგებო სხდომის ჩატარება ამ ვითარებაში გააღიზიანებს რუსეთს და ამაზე რუსეთი ტანკებით წამოვა“,- განმარტავს მანჯგალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ისინი უსაფრთხოებას უფრთხილდებიან და ოპოზიციის მხრიდან პოპულისტური განცხადებების მოლოდინი აქვთ, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი განწყობა ოპოზიციაში არ აქვთ.

„პოპულიზმი მათ მოიკითხონ, როდესაც ხალხს ომით აშინებენ. ასეთი განწყობა ოპოზიციაში არ არის. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ საქართველოს მწირი შესაძლებლობა აქვს. რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ვერ გამოვალთ. ეს გააზრებული გვაქვს. სიჩუმე და ხმის არ ამოღება იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ხდება, მგონი არ არის სწორი ქმედება. უკრაინის პრეზიდენტი დაბომბვის საფრთხის მიუხედავად რუსთაველზე იდგა, როდესაც საქართველოს უჭირდა. ეს არის საქართველოს პარლამენტის შენობა. ეს არ არის საკუთარი სახლი, რომ პაპუაშვილმა ან კობახიძემ გადაწყვიტოს გააღებს თუ არა პარლამენტის კარს“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება. პაპუაშვილის თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მიმართა და უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან სხდომას არცერთი დაესწრება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა