მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი "ტვიტერზე" წერს.
"უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!", - აღნიშნავს შმიგალი.
ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ "ტვიტს" აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ "ტვიტში".
ინფორმაციისთვის, საქართველოდან მოქალაქეების ნაწილმა უკრაინაში მოხალისეებად წასვლის სურვილი გამოთქვა.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, დღეს 18:00 საათზე ჩარტერული რეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით, უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშემ მათ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქართველოს მთვრობამ რეისს თბილისში დაჯდომის უფლება არ მისცა.
„დამიკავშირდა უკრაინის საელჩო, სადაც ჩაწერილი ვიყავი, რომ მქონდა სურვილი დავხმარებოდი პროფესიულად, როგორც ქირურგი და მაცნობეს, რომ დღეს 18:00 საათზე უნდა შესრულებულიყო რეისი ალბათ, პოლონეთში. შევიკრიბეთ აეროპორტში, დაახლოებით 20:30 საათამდე იყო გაურკვევლობა. შემდეგ, მოვიდნენ უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე და მისი მოდგილე, რომლებმაც ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოს მთვრობამ არ მისცა ნება დამჯდარიყო ჩარტერული რეისი თბილისში. ვინ არ მისცა ნება, რომელმა სტრუქტურამ, არ ვიცი. როგორც მან თქვა ხვალ, ალბათ ელჩი ამაზე გააკეთებს ოფიცილურ განცხადებას”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.