ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ვიღებთ სიგნალებს ევროპიდან, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე რეზოლუცია ამ სიგნალებზე პასუხია, გვინდა მათ ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე ვიღებთ სიგნალებს ევროპიდან, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე რეზოლუცია ამ სიგნალებზე პასუხია, გვინდა მათ ქართველი ხალხის ხმა გავაგონოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან რეზოლუცია უმრავლესობის დაინიცირებულია, "შეგვიძლია მიღებულად ჩავთვალოთ და ამის ოფიციალურად გაფორმება ამის მხოლოდ ტექნიკური მხარეა".

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა ევროკავშირში განაცხადთან დაკავშირებით, 2024 წლისთვის უნდა შეგვესრულებინა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო ახლოს ვიქნებოდით წევრობის კრიტერიუმებთან. სიტუაცია შეიცვალა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას უცხადებენ სოლიდარობას და ეს არის სოლიდარობის აქტი, რაც ევროპარლამენტმა გააკეთა გუშინ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, რომელიც არის 27 ქვეყნის პრემიერ- მინისტრის და პრეზიდენტის ორგანო, სადაც 27- ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი ამის მიღებას ან არმიღებას ერთხმად. თუმცა, ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველო, უკრაინა ან მოლდოვა მზად არის წევრობისთვის. ჩვენ ამ გართულებული ვითარების და რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში ვიღებთ ევროპიდან რაღაც სიგნალებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სტატუსის (კანდიდატის) მიღების დასაჩქარებლად. რეზოლუცია არის ამ სიგნალებზე პასუხი, ხალხის წარმომადგენელი არის პარლამენტი და გვინდა გავაგონოთ ხალხის ხმა ევროკავშირს,"- განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. 13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის