გია ხუხაშვილი - ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: გვიყვარხარ, ვიცი, რომ გკლავენ, მაგრამ რა ვქნა, ხმას ვერ ამოვიღებ, თუ გადარჩი  მეგობრობა გავაგრძელოთ, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“

უკრაინის მხარდამჭერი აქციები პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ამ ყველაფერს ეძლევა შიდა პოლიტიკური განზომილება და ფაქტობრივად საზოგადოების კიდევ ერთხელ დაპირისპირება ხდება, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს არის პასუხისმგებლობის ის წილი, რაც ოპოზიციამაც უნდა გაინაწილოს,- ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მან იმ ფაქტზე ისაუბრა, რომ გუშინ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, აქციის მოთხოვნები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა იყო. როგორც ხუხაშვილი განმარტავს, უკრაინაში ცხელი ომი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არ უნდა ვაქციოთ.

„უკრაინის ასეთი ფორმით მხარდაჭერა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ამ ყველაფერს ეძლევა შიდა პოლიტიკური განზომილება და ფაქტობრივად, საზოგადოების კიდევ ერთხელ დაპირისპირება ხდება, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს არის პასუხისმგებლობის ის წილი, რაც ოპოზიციამაც უნდა გაინაწილოს.

ბევრ ქვეყანაში უკრაინის თემა პარტიული კონსოლიდაციის თემა გახდა. ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა. შეერთებულ შტატებში არჩევნები მოდის და შესაბამისად, საკმაოდ მწვავე დებატებია რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კი სრული კონსენსუსია. წუხელ გამოვიდა ბაიდენი და „რესპუბლიკელები“, რომლებსაც ძალიან არ უყვართ ბაიდენი და ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს. ეს არის ცივილიზებული საზოგადოება. ჩვენთან ასე არ ხდება. ამაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს. მთავარი პასუხისმგებლობა, ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე ხელისუფლების კისერზეა. უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს. ჩვენი ხელისუფლება მთელ თავის პოლიტიკას აგებს შიშზე ძლიერის მიმართ. ფაქტობრივად, წინასწარი კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული. კარგად გვესმის, რომ რაც უკრაინაში მოხდება, ის ჩვენთანაც განმეორდება. არავინ თხოვს ამ ხელისუფლებას, რომ ომში ჩავერთოთ. ხელისუფლების პროპაგანდა, რომ პრინციპული პოზიციაც კი საფრთხის შემცველია რომ რუსეთმა აგრესია დაიწყოს საქართველოს მიმართ მტკნარი სიცრუეა, სამარცხინო პოზიციაა. ყველა რისკის ქვეშ დგას, დასავლეთის ქვეყნებიც რისკის ქვეშ დგანან რუსული აგრესიის პირისპირ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ პრინციპულობას თავი უნდა დაანებო.

ჩვენი ხელისუფლება უკრაინას ეუბნება: - ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ. ვიცი, რომ გკლავენ, მაგრამ რა ვქნა, ხმას ვერ ამოვიღებ. თუ გადარჩი გავაგრძელოთ მეგობრობა, თუ ვერ გადარჩი ვერაფერს ვიზამ და „სლავა უკრაინი“. ასეთი სამარცხივნო პოზიცია აქვს, რასაც კონკრეტული შედეგი მოჰყვა. ნუ იტყვით, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა განპირობებული იყო ოპოზიციის ყვირილით, ამას ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ. უკრაინის ელჩის გაწვევა დიდმა სურათმა გამოიწვია, ჩვენი ქვეყნის პოზიციამ“,-აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის ელჩის გაწვევით გლობალურად მივიღეთ ზიანი.

„უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებას სამარცხვინო პოზიცია აქვს. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის ელჩის გაწვევით არამხოლოდ უკრაინასთან, გლობალურად მივიღეთ ზიანი. უკრაინაში ცხელი ომი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არ უნდა ვაქციოთ. ამით ისევ ჩვენ დავზიანდებით. უნდა მოვახდინოთ იმის დეკლარირება, რომ ხელისუფლებას სამარცხვინო პოზიცია ჰქონდა და ღარიბაშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ამაზე შორს არ უნდა წავიდეთ.

დღეს ზელენსკი არის ფიგურა, რომლის კეთილგანწყობისთვისაც ყველა იბრძვის. ის გახდა ორი სამყაროს დაპირისპირების მთავარი სიმბოლო, მთავარი გმირი. ის ქმნის დღევანდელი გლობალური პოლიტიკის ტრენდს დასავლეთში, მისი მხრიდან საქართველოდან ელჩის გაწვევა ნიშნავს, რომ შეიძლება ყველა ამ მხარემ გაყინოს ურთიერთობა. მისი კეთილგანწყობისთვის იბრძვიან „რესპუბლიკელები“, „დემოკრატები“, „კონსერვატორები“ „ლიბერალები“, ყველას არჩევნები აქვს. არჩევნებს ის პარტია მოიგებს, რომელიც მხარს დაუჭერს ზელენსკის“,- აღნიშნავს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, აქციაზე ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა