გია ხუხაშვილი ხელისუფლებაზე - რა გგონიათ, პრეზიდენტის მისვლა რატომ არ უნდათ? - იმედი აქვთ, 15 მარტამდე რუსები უკრაინაში დაამთავრებენ, უფრო გარკვეული იქნება, ეცოდინებათ, გაუმარჯოს ნატოს-ს იძახონ თუ გაუმარჯოს წითელ არმიას

არ უნდათ, რომ პრეზიდენტმა ინიციატივა აიღოს თავის ხელში, ამაზე ძალიან ეჭვიანობენ ვიღაც-ვიღაცები, პრემიერ - მინისტრი და მისი უფროსი, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში 5 მარტის ნაცვლად 15 მარტს უნდა მივიდეს.

გია ხუხაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ უკრაინაში პროცესების დასრულებას ელოდება და სწორედ ამიტომ აჭიანურებს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას.

„ისინი არიან დროის გადაგორების რეჟიმში. რა გგონიათ პრეზიდენტის მისვლა რატომ არ უნდათ? ისინი ელოდებიან კიდევ რა მოხდება უკრაინაში. ჯერ ეს ერთი არ უნდათ, რომ პრეზიდენტმა ინიციატივა აიღოს თავის ხელში, ამაზე ძალიან ეჭვიანობენ ვიღაც - ვიღაცები, პრემიერ- მინისტრი და მისი უფროსი. მეორე კიდევ ისაა, რომ მათ აქვთ ასეთი პოლიტიკა რუსეთთან, ეშინიათ, შიშის დემონსტრირებას ახდენენ, ეშინიათ სალომე ზურაბიშვილმა რამე ისეთი არ თქვას. ამ უბედურებაში არიან და ირიბად ხელისუფლება არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ოცნებობს, რუსებმა დაამთავრონ უკრაინაში დროზე, რომ გაერკვნენ ბოლო-ბოლო.

იმედი აქვთ, 15 მარტამდე რუსები უკრაინაში დაამთავრებენ, იქ რაღაც მილაგდება, მოლაგდება და უფრო გარკვეული იქნება, ეცოდინებათ, გაუმარჯოს ნატოს-ს იძახონ თუ გაუმარჯოს წითელ არმიას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი სავარაუდოდ, წლიური მოხსენების დროს ზომიერად კრიტიკული იქნება, თუმცა აქცენტი უფრო მეტად მის ვიზიტებზე და მიმდინარე მოვლენებზე იქნება.

„იქნება ალბათ ზომიერი კრიტიკა, რაც არაერთხელ მოგვისმენია მისგან, მაგრამ ეს თემა გადაიფარება მიმდინარე მოვლენებით, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ახლა მეტი აქცენტები ექნება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ ვიზიტებთან დაკავშირებით. ის დღეს გრძნობს, რომ ის ტრენდი, რომელსაც ის მიყვება, არის ძალიან პოპულარული არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში. ის ფაქტობრივად დღეს გახდა დასავლეთისთვის საქართველოში უალტერნატივო ლიდერი, მას კონკურენტი ხელისუფლებაში დღეს საერთაშორისო არენაზე არ ჰყავს. არათუ კონკურენტი ჰყავს, დანარჩენი ხელისუფლება მის ოპონენტებად ითვლება დასავლური გაგებით.

ყველაფერი შეიძლება, თუმცა მე არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადადგას ის ნაბიჯები, რასაც მისგან ითხოვს საზოგადოება. რა არის ეს ნაბიჯები? სერიოზული პოლიტიკური პროცესის დაწყება. არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად, ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსი ეროვნების ხალხის მიმართ დისკრიმინაციული კამპანიაა დაგეგმილი და პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება შესაძლოა, პირდაპირ არ აიკრძალოს, მაგრამ გარკვეული ფილტრაცია აუცილებელია.

„თუ ასეთი რაღაც ხდება, რომ ვიღაც ეთნიკური ნიშნით რაღაც პროვოკაციას გეგმავს, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ხელისუფლების აზრს გავიზიარებდი. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც რუსია, ამის გამო რაღაც რისკებია მოსალოდნელი, ბუნებრივია, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლებები, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ არა. მეორე მხრივ, იგივე ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ჩვენი დემოგრაფიული უსაფრთხოება. ეს დემოგრაფია არის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებული. ამ არაორდინარულ ვითარებაში შეიძლება პირდაპირი აკრძალვა არ მოვახდინოთ, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ფილტრაცია.

ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ჩვენ შეგვიძლია ამ კანონის მოქმედების არეალში შევიყვანოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიაში იღებს მონაწილეობას და ვინც ყირიმში დადის, ეს პოლიტიკურადაც სწორი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლებიდან მუდმივად ვგრძნობთ სოლიდარობის დეფიციტს უკრაინის ბრძოლასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ჩვენი ბედიც უკრაინაში წყდება. გარდა ამისა, რისთვის გვყავს ჩვენ სპეცსამსახურები, მარტო ჩვენ რომ გვისმინონ საწოლში ცოლს რაზე ველაპარაკებით?

თუ ეს არის 10 ათასი ადამიანი, რაღაცნაირად შევიწოვთ და გავუძლებთ, მაგრამ თუ ეს გახდა 100 ათასი, ეს უკვე შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემა გახდეს, რასაც რუსეთი, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებს ინტერვენციისთვის. რუსეთისთვის საბაბის პოვნა ბევრად უფრო იოლია, როდესაც მისი მოქალაქეების დიდი რაოდენობა სადღაც.

ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი მცდელობა, რომ შიდა პოლიტიკური აქცენტები გააჩინოს, მაშინ როდესაც სულ სხვა თემებია მთავარი. შემოაგდეს თემა, რომ მაგაზე ვილაპარაკოთ, რადგან მათ არ აწყობთ იმაზე ლაპარაკი, რომ პრეზიდენტს უკრძალავენ პარლამენტში მისვლას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს