ამ ვითარებაში რაც რუსეთმა მოახერხა, გენშტაბის უფროსი უნდა გავიდეს ოთახში, მიიდოს შუბლზე იარაღი და დაიხალოს. სრული ჩავარდნა მოხდა, 10 წელი ომობდა საბჭოთა კავშირი ავღანეთში და 15 000 იყო დაღუპული, ახლა მინიმუმ 7000 ჰყავთ და მხოლოდ 12 დღეა გასული, - ამის შესახებ საქართველოს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებისას განაცხადა.
ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს მშრალი საკვები 3 დღით დაურიგდათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ საბრძოლო მოქმედებები 3 დღეზე ჰქონდათ გათვლილი. მისივე თქმით, საწყის პერიოდში ევროპის დახმარება უკრაინის მიმართ ძალიან მცირე იყო და მხოლოდ მსუბუქი, გადასატანი იარაღის მიწოდებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ როდესაც ნახეს, რომ რუსეთმა ვერაფერს მიაღწია, უკრაინისთვის სხვა სისტემების მიწოდებაც დაიწყეს.
,,ბრიტანეთს არ დაუკარგავს ამდენი ხალხი 20 წელი ავღანეთში ომის დროს. ეს რეალობაა და ვერ დამალავ რაც არ უნდა იძახო წარმატებით ვახორციელებ ყველაფერსო. როდესაც მშრალ საკვებს ჯარისკაცებს აძლევ 3 დღეზე ნიშნავს, რომ ყველაფერი 3 დღეზე გაქვს გათვალისწინებული.
რუსეთმა ვერ შეძლო ვერცერთი დიდი ქალაქის აღება, რაც მისთვის აუცილებელია. ეს საშუალებას მისცემდა დაესვა თავისი მარიონეტული ხელისუფლება და შეექმნა წარმოდგენა, რომ უკრაინაში არსებობს მეორე ხელისუფლება, რომელიც შემდგომში განაგრძობს უკრაინის გათავისუფლებას. რუსეთმა ვერ მოახერხა შეიარაღებული ძალების გატეხა და ბატონობის მოპოვება ჰაერში, რაც თანამედროვე ომის პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. რუსეთის გარკვეულ უპირატესობაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა, რაოდენობრივად 10:1-თან აქვთ ტექნიკა, თუმცა უკრაინელებიც დაფრინავენ და ჰაერში ფრენის საშუალებას არ აძლევენ რუსეთს. რუსეთმა დაკარგა ტემპი, ინიციატივა და მიიღო ძალიან დიდი ზარალი.
უკრაინულმა მხარემ შეძლო, რომ შეენარჩუნებინა ძირითადი ქალაქები და შექმნა პოზიციური თავდაცვის რაიონები. მათ შორის მობილური ტერიტორიული თავდაცვის თუ სარეიდო პატრულები, რომლებიც რუსულ გაჩერებულ კოლონებზე დარტყმას ახორციელებენ. უკრაინამ შეძლო შეენარჩუნებინა ბირთვი და საბრძოლო სულისკვეთება, საზღვაო ძალების გარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი მოქმედებს. პირველ პერიოდში ევროპის მხრიდან დახმარება იყო ძალიან მცირე, იყო მხოლოდ მსუბუქი, გადასატანი იარაღის მიწოდება, რომელიც გათვალისწინებული იყო დამარცხების შემდეგ პარტიზანული მოქმედებებისთვის. ხელში რომ ჩავარდნოდა რუსეთს ეს სისტემები, დიდ პრობლემას არ გამოიწვევდა, მაგრამ რომ შეხედეს რუსეთმა ვერაფერს მიაღწია, დაიწყო სხვა მოცულობის, სხვა სისტემების მიწოდება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.