რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირს მოუწოდა გავლენა მოახდინოს კიევის ხელისუფლებაზე და აიძულოს ისინი პატივი სცენ ჰუმანიტარულ სამართალს, - ამ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები იღებენ ყველა შესაძლო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
„მთავარი საფრთხე მოდის ნაციონალისტური ფორმირებებიდან, რომლებიც არსებითად იყენებენ ტერორისტების ტაქტიკას, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან“, - განმარტა რუსეთის ლიდერის პრესსამსახურმა.
კრემლში დასძინეს, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მოთხოვნები, რაც უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და „დენაციფიკაციას“, ნეიტრალურ და არაბირთვულ სტატუსს გულისხმობს, აგრეთვე, ოფიციალური კიევის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარებას ითვალისწინებს.