რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს კარდინალ პიეტრო პაროლინის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებული ვითარების გამო, პიეტრო პაროლინის შეშფოთების საპასუხოდ, სერგეი ლავროვმა მას რუსეთის „პრინციპული პოზიცია“ განუმარტა უკრაინაში ჩატარებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზეზებისა და მიზნების შესახებ.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, კარდინალმა პაროლინიმ რუსეთის მთავარ დიპლომატს განუცხადა, რომ უკრაინაში აფეთქებები უნდა შეწყდეს და ჰუმანიტარული დერეფნები გარანტირებული უნდა იყოს.
რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, სატელეფონო საუბრისას “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებს, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, დევნილთა დახმარებას”.
„მხარეებმა იმედი გამოთქვეს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, რათა შეთანხმების მიღწევა და სამხედრო მოქმედებები შეჩერება მოხერხდეს“, - აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, კვირას რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს მიმართა, რომ ომი იწვევს "სიკვდილს, განადგურებას და უბედურებას".