პოლონეთმა განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს. ამის შესახებ CNN-ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს, მიაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით.
"პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში პოლონეთის მთავრობამ მოუწოდა "ნატოს სხვა მოკავშირეებს, MIG-29 თვითმფრინავების მფლობელებს, იმოქმედონ იმავე გზით".
როგორც BBC-წერს, შეერთებულმა შტატებმა შაბათ-კვირას დაადასტურა, რომ მუშაობს პოლონეთთან შეთანხმებაზე უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, პოლონეთი მის MIG-29-ს იმის სანაცვლოდ გადასცემს, რომ აშშ მას სხვა თვითმფრინავებს მისცემს.