ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა. მან ვრცლად ისაუბრა დის შესახებ და აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და ედვარდსების ოჯახს ბოდიში მოუხდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ავსტრალიის კონსულიც.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს.

პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის