ვლადიმერ ჩაჩიბაია - აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცამ მკერდზე ხელი მოირტყას და თქვას: „აქეთ გორას წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ'' - თუ ომი იქნება, ისეთ პირობებში ვიომოთ, რაც ჩვენთვის იქნება ხელსაყრელი და არა მოწინააღმდეგისთვის

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კირიმ ხანის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადის შეტანა, „მთლიანობაში სახელმწიფოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში საქართველოსთვის მისაღები შედეგის დადგომისთვის „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ კი თეა წულუკიანმა და რატი ბრეგაძემ ყველაფერი გააკეთეს.

„შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. მახსოვს როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იძახდა, რომ ჰააგის სასამართლოზე ქართული სასამართლო და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული სამხედროები გასამართლდნენო. ამ საკითხთან მიმართებაში, თეა წულუკიანის და შემდეგში უკვე რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. ეს, რა თქმა უნდა, არის მთლიანობაში ჩვენი სახელმწიფოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ დამსახურება. მე ვთქვი, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს საერთო გამარჯვება, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ სეგრეგაცია მოახდინოს, მაშინ ვიტყვი, რომ ეს იყოს „ქართული ოცნების“ წარმატება“, - განცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო.

„ვინ იწყებს ომს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, აქ საუბარია სამხედრო დანაშაულზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. არსებობს წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს ტყვეებთან მოქცევას და ა.შ.

მაგრამ ვინ დაიწყო ომი? - ჩვენი პოზიცია, „ქართული ოცნების“ პოზიცია ყოველთვის იყო და არის, რომ დაიწყო რუსეთმა, ვინ რა რეზოლუციას მოაწერა ხელი და ვინ რა აღიარა, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვიძახით, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მისმა აგრესიულმა ძალებმა, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%. ვინ დაეთანხმა ტალიავინის კომისიის დასკვნას ეს უკვე მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ყველა პირობა და ყველა ნიშანია იმისა, რომ ვთქვათ, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოში. ამ პოზიციაზე ვარ, ვიყავი და ვიქნები ყოველთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადაცემაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებზე და მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით რამდენიმე წელია, დაწყებულია ქართული ჯარის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია და თავდაცვის ძალებს ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს.

ამასთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა და იმის თქმა, რომ „აქეთ გორას წიხლსა ვკრავ და იქეთ გორას ძვრას ვუზამ“ და თუ ომი იქნება, ისეთ პირობებში უნდა ვიომოთ, რომელიც ჩვენთვის იქნება სასურველი და არა მოწინააღმდეგისთვის.

„დავიწყეთ ჯარის ინსტიტუციური რეორგანიზაცია, მოდერნიზაცია, ჩვენ ვსაუბრობთ ტოტალურ თავდაცვაზე, ჩვენ ვსაუბრობთ სამთავრობო ერთიან ძალისხმევაზე, ჩვენ ვსაუბრობთ წინააღმდეგობის გაწევის საერთო სტრატეგიაზე, მაგრამ ეს პროცესი ახლა იწყება. სულ რამდენიმე წელია, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სარეზერვო სისტემა შევქმენით, მაგრამ ამან რომ იმუშაოს, შენ გჭირდება დრო. ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტიანი, კარგად აღჭურვილი თავდაცვის ძალები, რომელსაც ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში შეუძლია ადეკვატური პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. მაგრამ ჩვენ ოთხი ომი გამოვიარეთ, აქ არის გამოფიტვაც, გადაღლაც, ბევრი რაღაც. უკრაინას ცოტა სხვა გარემოება აქვს, ჩვენ ვხედავთ ერის კონსოლიდაციას, მოტივაციას. უკრაინა მაგონებს 90-იანი წლების საქართველოს როდესაც მთელი ერი ერთად შეიკრა. უკრაინაზე ჩვენ ვსაუბრობთ ორი კვირის მდგომარეობით და საქართველო ერთი წელი და უფრო მეტი, უძლებდა აფხაზეთში მოწინააღმდეგეს, რუსეთის რეგულარულ ძალებს, არარეგულარულ ძალებს, დაქირავებულ ბოევიკებს, ასევე არაბული ჯიჰადის წარმომადგენლებს. მარტონი ვიყავით ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, 100 თუ 150 უკრაინელი მოხალისე იყო ჩვენს გვერდით. დავაკვირდეთ კიდევ იმას, რომ ჩვენ 3.5 მილიონიანი ერი დავრჩით, აქ საუბარი მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცამ მკერდზე ხელი მოირტყას და თქვას: „აქეთ გორას წიხლსა ვკრავ და იქეთ გორას ძვრას ვუზამ'', არის ადამიანური რესურსის ფაქტორი, თუ ომი იქნება, ისეთ პირობებში ვიომოთ რა პირობებიც ჩვენთვის იქნება ხელსაყრელი და არა მოწინააღმდეგისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაია სეპარატისტული რეგიონების მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ისინი საქართველოს მხრიდან მათი დამოუკიდებლობისა აღიარებას ითხოვენ.

ჩაჩიბაიას შეფასებით, აღნიშნული განცხადება შიშით არის ნაკარნახევი.

„მე ვფიქრობ, რომ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს რუსეთთან მიმართებაში, იქნება ხელსაყრელი საქართველოსთვის. რუსეთ-უკრაინის ომი ასუსტებს და დაბლა წევს რუსეთის შესაძლებლობას არა მხოლოდ როგორც სამხედრო, ასევე მისი ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ შესაძლებლობებს.

სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელების განცხადება არის შიშით ნაკარნახევი განცხადება, ისინი ხვდებიან რა სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ. შიში, რომელიც ამ რეგიონებიდან მომდინარეობს, გვაძლევს იმის ანალიზის საშუალებას, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ ადგილზე და სერიოზული პრობლემებია რუსეთშიც. მთავარი კითხვა ის კი არ არის, რა იქნება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, მთავარი კითხვაა რა იქნება მოსკოვში ხვალ.

ეს ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, მაგალითად თუ რუსეთმა გარკვეული წინსვლა განიცადა ოპერაციული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიღალოს სანქციებით. გაგრძელდეს მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა