რამაზ საყვარელიძე - ჰააგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, როგორ უნდა აღსრულდეს? გარდა იმისა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ნატო რუსეთში შევარდეს და პუტინი დააპატიმროს, სხვა აღსრულების მექანიზმი არ არსებობს

უკრაინის სარჩელზე ჰააგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, როგორ უნდა აღსრულდეს? გარდა იმისა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ნატო რუსეთში შევარდეს და პუტინი დააპატიმროს, სხვა აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

საყვარელიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გარდა პოლიტიკური ჟღერადობისა, რაიმე რეალური შედეგი მოჰყვება.

„საერთოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შინაარსით, არამედ აღსრულების ხარისხით. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხრივ იყო პრობლემური და მიუღებელი ჰიტლერის რეჟიმი, ნიურნბერგის პროცესი მას შემდეგ შედგა, რაც ეს რეჟიმი დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზება ვერ მოხერხდებოდა, თუ რეჟიმი არ დამარცხდებოდა.

ჰააგის სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, დავუშვათ, რუსეთი გაამტყუნა და პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როგორ უნდა შესრულდეს ეს გადაწყვეტილება? გარდა იმისა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ნატო შევარდეს და პუტინი დააპატიმროს, სხვა აღსრულების მექანიზმი არ არის და ესეც რამდენად რეალისტურია, კაცმა არ იცის. ამიტომ არ მგონია, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას, გარდა პოლიტიკური ჟღერადობისა, რაიმე რეალური შედეგი მოჰყვეს. პოლიტიკური ჟღერადობა თავისთავად ატარებს პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ განწყობებზე გავლენას. ეს მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყანაში, თუნდაც რუსეთში. მაგრამ თავად რუსეთიც გაყოფილია - რუსეთი, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს ნაწილი იყოს და ეს შედარებით მცირე პროცენტია რუსეთის მოქალაქეების და რუსეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უპირისპირდება - ეს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილია, რომელიც პუტინის მოქმედებებს მხარს უჭერს და ომობს უკრაინაში. ჰააგის გადაწყვეტილება უფრო გაამძაფრებს მათ აგრესიულობას. დანარჩენ მსოფლიოში ჰააგის გადაწყვეტილება გაამყარებს იმ განწყობილებებს, რაც ქვეყნებს უკავიათ. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა შედეგი ექნება“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

გარდა ამისა, საყვარელიძემ ისაუბრა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაზე, კერძოდ, უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატისა და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და მასში ოპოზიციის ჩართვის საკითხზე. პოლიტოლოგის შეფასებით, ეს ინიციატივები რეალურია, თუმცა გარკვეული პრობლემები არსებობს.

„ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი რომ ერთვებოდეს ანალოგიურ ფორმატებში, გასაკვირი არაა, თუ ოპოზიციის წარმომადგენელი იგივე პოზიციაზეა, რაზეც ხელისუფლება. ნებისმიერ ქვეყანაში ბევრი ასეთი საკითხია. თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხი არ იწვევს დაპირისპირებას პარტიებს შორის და ყველა ემხრობა. საქართველოშიც ანალოგიური მდგომარეობაა - მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთს სულ ეკამათებიან იმ მხრივ, რომელმა რა დააკლო ევროპასთან ურთიერთობას, ზედმეტი მოგივიდაო, არცერთი ამბობს. ასე რომ, რეალურად, შეიძლება ასეთი საკითხის დაყენება, ოღონდ აქ სხვა სირთულეებია, რაც პრეზიდენტმა გუშინდელ გამოსვლაში ნაწილობრივ აღნიშნა.

ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დროს ცდილობენ, ხელისუფლება დაადანაშაულონ რუსეთთან ურთიერთობაში, სიფრთხილეში და ა.შ. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ისინი შიდა პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობენ, განსაკუთრებით ოპოზიცია. თუ ეს საკითხი არ იქნება მოგვარებული, იდეა, რომ შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი და ოპოზიციის მონაწილეობით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დიდი კომისია, ჰაერში გამოკიდებული დარჩება, ან დამატებითი სირთულეების შემქმნელი იქნება“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას 16 მარტს გამოიტანს. უკრაინული მხარე რუსეთს ადანაშაულებს ცრუ განცხადებების გამოყენებაში, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავდასხმის საბაბად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს