შალვა პაპუაშვილი - ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - მათ სურთ ისტერია და სიტუაციის არევა, ამიტომ ჩვენ ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არამედ „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

„უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა არის რუსული აგრესიის ქვეშ. ამ ომს ყველა ვაკვირდებით. რასაც ჩვენ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვხედავთ, განსაკუთრებით, ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია, მოხდეს აქ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივების განხილვაში არც კი შევდივართ. ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს მიზანი არის არეულობა და ქვეყნის ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რაც შეეხება გულწრფელ სურვილებს და დამოკიდებულებებს, ჩვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია პარლამენტის მხრიდან, ეს იყო შეგროვებული თანხა, მაშინაც არ მიუღია ამაში ოპოზიციას მონაწილეობა. ასე რომ, აქ ჩანს სინამდვილეში რა არის ოპოზიციის ამ ნაწილის რეალური განზრახვა, ეს არის მხოლოდ პიარი და რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას, ისინი არ იჩენენ არანაირ სურვილს. თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით. აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც ხომ აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა იმითაც, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის არ ყოფილა. ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ეს სამი კვირა ვაჩვენებთ ერთ რამეს, ჩვენ ორიენტირებულები ვართ რეალურ დახმარებაზე, განსხვავებით ოპოზიციის ამ ნაწილისგან, რომელიც მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა. რეალური დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს, ეს არის ჩვენი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი ხმა ფასობს ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნების. ჩვენი რეალური დახმარება არის პოლიტიკური მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება ზელენსკის მოსმენას, მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ გერევათ ზელენსკიში, ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო