გია ხუხაშვილი - რა მნიშვნელობა აქვს ვისი ინიციატივაა - პარლამენტში ზელენსკის მოსმენაზე უარის თქმა წარმოუდგენელი რამეა

რა მნიშვნელობა აქვს ვისი ინიციატივაა, ოპოზიციის თუ ხელისუფლების, ამის გამო, პოლიტიკური კინკლაობის გამო, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო აქციაზე უარის თქმა, თუნდაც პატივისცემის, მადლიერების ნიშნად, წარმოუდგენელი რამეა, - ასე უპასუხა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოძალადის მიმართ შიში საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია.

„ფრონტის ხაზის გატარება მიდის, დასავლეთსა და რუსეთს შორის არის მწვავე დაპირისპირება, ზელენსკი კი არის თანამედროვეობის მთავარი გმირი, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ იცავს იმ ფასეულობათა სისტემას, საითაც, თითქოს, ჩვენ ვერბალურად მივისწრაფვით. პირველ რიგში, ის ფიზიკურად იცავს საქართველოსაც, რადგან სრულიად აშკარაა, რომ როგორც კი რუსეთი მოახერხებდა უკრაინის დამორჩილებას, შემდეგი რიგში ჩვენ ვიყავით. ის, რომ რუსეთს ეს გეგმა არ გამოუვიდა, ამან ჩვენც გადაგვარჩინა. ჩვენ ვხედავთ, მთელს მსოფლიოში რა პროცესიც მიდის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებსა და წარმომადგენლობით ორგანოებში ზელენსკის ტაშით ხვდებიან. ბუნებრივია, ლოგიკურად ისმება კითხვა: ქვეყანა, რომელიც პირველ რიგში შეიძლება გახდეს რუსული აგრესიის მსხვერპლი, იგივე ნაბიჯს რატომ არ დგამს. შესაბამისად, ბუნებრივია, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ინიციატივაა, ოპოზიციის თუ ხელისუფლების, ამის გამო პოლიტიკური კინკლაობის გამო, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო აქციაზე უარის თქმა, თუნდაც პატივისცემის, მადლიერების ნიშნად, წარმოუდგენელი რამეა. თუმცა, მეორე მხრივ ჯდება იმ პოლიტიკურ ხაზში, რაც ხელისუფლებას უჭირავს. ხელისუფლებამ ფაქტობრივად, მოძალადის მიმართ შიში საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია, ანუ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, წინასწარი კაპიტულაციის ზღვარზე გამავალი პოლიტიკა, გახადა სიბრძნის და სინამდვილეში კი პოლიტიკური კონფორმიზმის მთავარი ელემენტი, რაც წარმოუდგენელია“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს ღირსება.

„შენ უნდა იყო ფრთხილი, მაგრამ უნდა შეინარჩუნო სახელმწიფოებრივი ღირსება და პრინციპულობა. ხელისუფლება ამ ინიციატივაზე უარით დაადასტურებს მარტივ რაღაცას, იმას, რომ, ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია რუსეთის არ გაღიზიანება, მოძალადის არგაღიზიანება. რუსეთი, რა თქმა უნდა, გაღიზიანდება, მაგრამ ამის გამო ომს, რა თქმა უნდა, არ დაიწყებს. შესაბამისად, აბსოლუტური ბლეფია ხელისუფლების გზავნილი - „ომი გინდათ?“, ყველაფერზე ამით რომ პასუხობენ. ხელისუფლება უარის შეფუთვას ისევე შეეცდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში გადაიყვანოს. მათი ერთადერთი ლოგიკა არის, რომ რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადება, გადაიყვანოს შიდაპოლიტიკურ ცნობილ ნარატივში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოახდინოს ასოცირება ამ გლობალური პრობლემის. მეტი არგუმენტი მათ ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. ეს ნაბიჯი მათი მხრიდან, თუნდაც ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არსებული კითხვის ნიშნები მოხსნას საზოგადოებასა თუ უცხოეთში, ეს საკმაოდ ძლიერი ნაბიჯი იქნებოდა, ამოწურავდა დიპლომატიურ თემებთან დაკავშირებით ინციდენტსაც და ხელისუფლებას „პირს დაბანდა“. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, აქედან ძალიან მძიმე დასკვნების გაკეთება შეიძლება.

ჩემი აზრით, ზელენსკის უნდა შეეძლოს კომუნიკაცია პირდაპირ ხალხთან დაამყაროს, თუ ხალხის რჩეულებთან არ აქვს კომუნიკაცია. საჯარო მიმართვა კიდევ ერთხელ გაიმეოროს, გადაიქცეს ყველა ტელევიზიით და ხალხმა შეახსენოს თავის რჩეულებს, რისთვის არიან დაქირავებულები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა