თინა ხიდაშელი - ზელენსკის მოსმენა სიმბოლური ჟესტია, რომელიც ქვეყანას პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება - არ მაქვს „ქართული ოცნების“ დათანხმდების მოლოდინი, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს მაღალი, რომ ამაზე წამოვიდნენ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსმენა იქნება სიმბოლური ჟესტი, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრივი პრესტიჟი აღიდგინოს.

ამასთან, ხიდაშელს არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ზელენსკის მოსმენას დათანხმდება.

„ვფიქრობ, ეს არის ის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ქვეყანას საკუთარი სახელმწიფოებრივი პრესტიჟის დასაბრუნებლად სჭირდება. არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდება, მაგრამ ვფიქრობ, ზეწოლა უნდა იყოს ძალიან მაღალი, რომ ამაზე წამოვიდნენ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნდობა აქვს დაკარგული და ამის აღსადგენად შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს.

„ახლა შარლ მიშელის დოკუმენტი არის ერთგვარი საგზაო რუკა ჩვენთვის, რათა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნათქვამი რაიმე სიტყვა სერიოზულად იქნას აღქმული, ასევე იმისთვის, რომ ჩვენთან საუბარი დაიწყონ და ნდობა დავიბრუნოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი დაკარგა - პარტნიორების მხრიდან ნდობა ამ პროცესში. ამიტომ, უპირველესი ამოცანა არის ცალმხრივად, რაც შეიძლება სწრაფად მუშაობის დაწყება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ამ ნდობის აღსადგენად. მთავარი მოცემულობა არის შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც შესასრულებლად ადვილია, უბრალოდ საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ აქვს. ამის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ვინმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს სერიოზულად დაელაპარაკოს. შესაბამისად, ეს საზოგადოებრივი ზეწოლა, რომელიც მუდმივად სახეზე უნდა იყოს, იმასაც უნდა ემსახურებოდეს, რომ ის პირველი ნაბიჯები გადაადგმევინოს ხელისუფლებას, რომელიც დამოუკიდებლად, ბრიუსელის გარეშე უნდა გააკეთონ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის როლს, ხიდაშელი ამბობს, რომ „პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რაც თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს პოლიტიკური ნების ფორმირების თვალსაზრისით“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო