ვახუშტი მენაბდე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - მმართველი გუნდი იყენებს სტრატეგიას, რომელიც სამართლებრივად გამართული ნაბიჯებით საეჭვო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურება

მმართველი გუნდი იყენებს სტრატეგიას, რომელიც სამართლებრივად გამართული ნაბიჯებით საეჭვო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურება, - ასე ეხმაურება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.

მენაბდის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური თვალსაზრისით გამიზნულია პრეზიდენტთან ანგარიშსწორებისთვის.

რაც შეეხება ინიციატივის სამართლებრივ მხარეს, როგორც მენაბდე აცხადებს, ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

„მმართველი გუნდის ამ ინიციატივის შესაფასებლად გვჭირდება როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ლინზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ მისი მოქმედების ლოგიკას სწორი ანალიზი გავუკეთოთ.

პოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებია, რომ ეს ნაბიჯი გამიზნულია პრეზიდენტთან ანგარიშსწორებისთვის. მმართველ გუნდს სურს, მის კონტროლს ქვეშ მყოფი სასამართლოს მეშვეობით ქვეყნის პირველ პირთან საგარეო უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავა გადაჭრას.

ამავდროულად ეს ის ცვლილებებია, რაზეც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტები ბევრი წელია ვლაპარაკობთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა. მაშინ პრეზიდენტს მთავრობა ავიწროებდა. ამდენად მას საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციების დასაცავად სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები სჭირდებოდა.

ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს სტრატეგიას, რომელიც სამართლებრივად გამართული ნაბიჯებით საეჭვო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ამის შესაძლებლობა მას კონსოლიდირებულმა ძალაუფლებამ მისცა. ფორმულა მარტივია: თუ ხელისუფლების შტოებს და მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევ ინსტიტუტებს სრულად აკონტროლებ, ყველაზე გამართული სამართლებრივი ინიციატივებიც კი შენს სასარგებლოდ მუშაობს.

ეს ცბიერი გზაა, მაგრამ ჩვენ მას წინ უნდა აღვუდგეთ. უნდა ვისაუბროთ ხელისუფლების ამოცანებზე, ამ ინიციატივების რეალურ მიზნებზე, კონტექსტზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა