რომან გოცირიძე - დღეს უკრაინას მიხეილ სააკაშვილი სჭირდება - სააკაშვილი იქნებოდა იდეოლოგიური ბომბი რუსეთის წინააღმდეგ

პირიქით, მთავრობას უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი - სალომე ზურაბიშვილმა ის განცხადებები გააკეთა, რაც კონსტიტუციაშია ასახული, ზურაბიშვილის განცხადება არის კონსტიტუციური და პრეტენზიებია არაკონსტიტუციური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, იმის თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქცევა არაკონსტიტუციური იყო, სასაცილოა, რადგან მას უცხოეთში ვიზიტის დროს განკარგულება არ გამოუცია და არც რაიმე ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი.

„რას ერჩიან სალომე ზურაბიშვილს? უნდოდათ თქმა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქცევა ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ძალიან სასაცილოა. რა პრეტენზია აქვთ? ღარიბაშვილმა თქვა, მე ვუთხარი შენ მთავარსარდალი ხარ, ომია და რა გინდა უცხოეთში, აქ იყავიო. ჯერ დასცინოდნენ, რა მთავარსარდალი ეს არისო, ბუტაფორიული, წარმომადგენლობითი ფიგურააო.

ადგნენ და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი გაფრინდება, თუ რაღაცას იტყვის, არ არის ის საკითხი, რომელიც მთავრობასთანაა შესათანხმებელი. მთავრობას რა უნდა შეუთანხმდეს, რა არის ერთობლივი კომპეტენცია? ხელშეკრულების ხელმოწერა არ შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, თანახელმომწერი მთავრობა უნდა იყოს, მაგრამ მას არავითარ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მას არავითარი განკარგულება არ გამოუცია, არავითარი ბრძანებულება. ბრძანებულება რომ ყოფილიყო, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება შეეძლოთ.

რა უნდა გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში? მისი დაუკითხავად ფრენა ევროპაში და მაკრონთან შეხვედრა? ამიტომ ჩაწერეს სიტყვა ქმედება - უმოქმედობა, ქმედება რა არის? ჩემი ნებართვის გარეშე გაფრინდი? სისულელეა, თუნდაც განცხადებები აკეთოს მთავრობისგან განსხვავებული. არადა პირიქით, მთავრობას უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილმა ის განცხადებები გააკეთა, რაც ასახულია კონსტიტუციაში, საქართველო უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური მისწრაფება, ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე იყო ჩასული და ესეც არის უზრუნველყოფილი კონსტიტუციით. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც კი, თუ სიტყვიერი განცხადება ქმედებად იქნება განხილული, არის კონსტიტუციური და პრეტენზიებია არაკონსტიტუციური“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შეუძლებელია და „ქართული ოცნება“ უბრალოდ საზოგადოების თვალში მის შერცხვენას ცდილობს.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტს ვეტოს არ დაადებს, „ეს ნიშნავს, რომ მან სამუდამო კაპიტულაცია გამოაცხადა“.

„იმპიჩმენტი შეუძლებელია, მათ არ აქვთ საკმარისი ხმა. ამიტომ ეს იმპიჩმენტისთვის მოსამზადებელი სამუშაო კი არ არის, ამ კანონის შემდეგ, ისინი მიმართავენ საკონსტიტუციოს. საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, იტყვის, დაარღვია კონსტიტუცია, თუ მან კონსტიტუცია დაარღვია, უკვე 50 ხმით იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება, შემოვა პარლამენტში და პარლამენტში 100 ხმა არ აქვთ და ფაქტობრივად ეს ჩაფლავდება, მაგრამ მათ უნდათ პროცესი, დაშინება, დაკნინება, ბულინგი დაცინვა, ხელ-ფეხის შეკვრა, რაც შეიძლება დისკომფორტში ამყოფონ და საბოლოო ჯამში ერთის მხრივ საზოგადოების თვალში შეარცხვინონ, სახელი გაუტეხონ და მასაც სურვილი დაეკარგოს ანალოგიური განცხადებების გაკეთებისა.

თუ ვეტოს დაადებს კანონს, მაშინ ყოჩაღ, ვეტო კი დაიძლევა, მაგრამ ის დადგება მარგველაშვილის გზას. მარგველაშვილის და ხელისუფლების ურთიერთობის მეორე ეტაპი ვნახეთ რით დამთავრდა, დღეს არის ოპოზიციაში. თუ ამას არ გააკეთებს ეს ნიშნავს, რომ მან სამუდამო კაპიტულაცია გამოაცხადა და მერე უნდა დაელოდოს როდესაც გავა მისი ვადა და წავა მშვიდად საფრანგეთში ან სადმე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის არშეწყალებაზე საუბარი „ქართული ოცნების“ კრიტიკის დაბალანსება იყო.

სალომე ზურაბიშვილმა ტონი რომ შეარბილა ფაქტია. პარლამენტში ის იყო საკმაოდ კრიტიკული, მაგრამ მან დააბალანსა ეს კრიტიკა. ერთის მხრივ გააკრიტიკა ხელისუფლება, მაგრამ მეორე მხრივ, ასე დაიწყო, მე მიხეილ სააკაშვილზე ვთქვი, რომ არ შევიწყალებ და ისევ ამ აზრზე ვარ, ვინ ეკითხებოდა? იქნებ მოგიწიოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება? დღეს სჭირდება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას და დადგება დრო, უკრაინა იქნება ინიციატორი მიხეილ სააკაშვილის აქედან წაყვანისა. დღეს არის პროპაგანდისტული ომი, სააკაშვილი იქნებოდა იდეოლოგიური ბომბი რუსეთის წინააღმდეგ. მსოფლიოს ნებისმიერ ეკრანზე უკრაინის საკითხს სააკაშვილზე უკეთესად დღეს მსოფლიოში ვერავინ გაიტანდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა