2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით ჩატარდება

2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით ჩატარდება.

ცესკოს ინფორმაციით, ბათუმში გახსნილ 14 საარჩევნო უბანზე საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში, იმიტირებული არჩევნების დაკვირვების შემდეგ განუცხადა, იმიტირებული კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესწავლის შემდეგ ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღეს იქნება თუ არა გამოყენებული საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგია.

„2 აპრილს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება და შესაბამისად, მეოთხე ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი. ჩვენი ადმინისტრაცია აგრძელებს იმ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, რასაც ჰქვია მეტი ელექტრონული სერვისები და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება საარჩევნო პროცესებში. ამის კარგი მაგალითია ჩვენს მიერ დაწყებული არაერთი ტექნოლოგიური საშუალების პილოტირება და გამოყენება საარჩევნო პროცესებში, ისეთის, როგორიც არის ხმის მიცემის და ხმების დათვლის აპარატები, რომელიც გასულ წელს ფართომასშტაბიანად კრწანისის საარჩევნო ოლქში დავაპილოტეთ.

დღეს ჩვენ ბათუმში ვაკეთებთ იმიტაციურ არჩევნებს იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად ვნახოთ ის დადებითი მხარეები, ასევე, რისკები და საფრთხეები, რაც ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას არჩევნებში შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ჩვენ გასული წლის მაგალითიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ ეს პილოტი წარმატებით შედგა. შუალედური არჩევნები არის ის კარგი შესაძლებლობა ადმინისტრაციისთვის, რომ პატარა მასშტაბებით, ეტაპობრივად მოახდინოს ასეთი ტიპის საშუალებების გამოყენება, პილოტირება, რისკების და საფრთხეების გამოვლენა, ასევე დადებითი და უარყოფითი მხარეების იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში პოლიტიკურმა სპექტრმა იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ტექნოლოგიური ინტერვენციების მიზანშეწონილობის შესახებ. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს საარჩევნო პროცესს და ხსნის გარკვეულ, მათ შორის, მანიპულაციურ კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პროცედურებთან მიმართებაში“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმში ორ უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს.

კენჭისყრის დღე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს.

იმიტირებული არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელები.

ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 600-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფილია მხოლოდ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი, ხოლო მეორე საარჩევნო უბანზე როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, 2 აპრილს ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

რაც შეეხება ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტს, ის 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე კრწანისის ოლქის 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა