მიხეილ სარჯველაძე გიორგი ბოტკოველს - აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას დაახლოებით ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას - ვინმეს დააჯერებთ, აქცია რომ არ ყოფილიყო, განაცხადს არ შევიტანდით?

აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას დაახლოებით ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას. ეს არის უდავო ფაქტი და ფიქრობთ, ვინმეს დააჯერებთ, რომ აქცია რომ არ ყოფილიყო, განაცხადს არ შევიტანდით? ეს ხომ აბსურდია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბოტკოველს, რომელმაც განაცხადა, რომ „ხელისუფლებას რუსთაველზე გამართული აქციების შემდეგ მოუწია ევროკავშირში განაცხადის შეტანა“.

„მართლა ფიქრობთ, რომ განაცხადი აქციების გამო შევიდა? კონფრონტაციისთვის კი არ ვკითხულობ, გულწრფელად, ამის გჯერათ? მოსახლეობაშიც არ მგონია ამას რაიმე დასაყრდენი ჰქონდეს. გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლება აქციების გამო ადგა და შეიტანა განაცხადი და არა იმის გამო, რომ ეს ფანჯარა ობიექტური მოცემულობის გამო გაიხსნა? წუთობრივად და საათობრივად იცვლებოდა ვითარება. რასაკვირველია, ეს განაპირობა უკრაინაში მიმდინარე პროცესმა“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ბოტკოველის განცხადებას, თავის მხრივ ის აქციებთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილის პოზიციას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „რუსთაველზე მიტინგები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა“. ბოტკოველის თქმით, აქციების მიზანი უკრაინის მხარდაჭერა და საქართველოს კურსის დაფიქსირება იყო, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებას“ განაცხადის შეტანა მოუწია“.

„პირველად არ ხდება, როდესაც იქ შეკრებილი ათასობით ადამიანის პოზიციაში ერთადერთი რამე დაინახეთ და ვერ დაინახეთ მთავარი მიზანი, რაც იყო უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის კურსის დაფიქსირება. იქ შეიძლება არც თქვენი პარტიის და არც ჩვენი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილიყო ბევრი, მაგრამ მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. ყოველივე ამის შემდეგ მოგიწიათ დაჩქარებული წესით ევროკავშირში განაცხადის შეტანა. ეს უნდა ვაღიაროთ. დაფიქსირებული გქონდათ, რომ 2024 წლამდე არავინ აპირებდა განაცხადის გაკეთებას, მაგრამ საპროტესტო აქციების შემდეგ მოგიწიათ ამის გაკეთება“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს