რადას დეპუტატი მარია მეზენცევა - ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ჩვენს ომს მოვიგებთ, შევძლებთ საქართველოს დახმარებას, თუ ქართველებს ენდომებათ საკუთარი ტერიტორიების გამოხსნა

მთელი უკრაინა ალყაში მყოფი მარიუპოლის მაგალითს მიჰყვება - არ აპირებს კაპიტულაციის გამოცხადებას და იარაღის დაყრას. კიევი რუსეთთან არც რაიმე სახის დათმობებზე წასვლას აპირებს, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

პარალელურად, შეიძლება თუ არა დადგეს დღის წესრიგში ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა ტერიტორიული მთლიანობისა და ომის დასრულების სანაცვლოდ, სხვა რა ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიებს ხედავს უკრაინა და რას ფიქრობენ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის თემაზე, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარია მეზენცევამ ისაუბრა.

- პირველ რიგში, მინდა მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ - თქვენი სახით ისტორიას დარჩება ქვეყანა და ერი, რომელმაც სამართლიანობა და თანასწორობა აღადგინა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება საპორტო ქალაქ მარიუპოლისკენ არის მიმართული, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონში იმედის შუქურასავით რჩება. მარიუპოლის მცველები, სრული ბლოკადის მიუხედავად, აგრესორის ულტიმატუმს არ დათანხმდნენ და იარაღის დაწყობაზე უარი განაცხადეს. მესმის, რომ სამხედრო ოპერაციის გეგმებს ვერ გაგვაცნობთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რამდენად არსებობს მარიუპოლის დახმარების გეგმა, რომლითაც ქალაქი შეძლებს ამ ბლოკადას გაუძლოს?

- არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ რუსეთი ძალიან ხშირად იყენებს სიტყვა „სამხედრო ოპერაციას“ ომის აღწერისას. ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ცალსახად არ არის სამხედრო ოპერაცია. რაც შეეხება ტაქტიკას, რომელსაც ჩვენი ჯარი იყენებს ქალაქ მარიუპოლში, ბევრ სხვა ქალაქსა და თავად დედაქალაქშიც, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ის ერთია - ჩვენ არ დავნებდებით და გავუძლებთ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულ ამ აბსოლუტურად არანორმალურ ტაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას, ომის წარმოების ნებისმიერ წესებს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას. ყველაფერ ამას ჩვენ ვხედავთ მარიუპოლის მაგალითზე, სადაც ადამიანები გახდნენ პუტინის ტყვეები მხოლოდ იმის გამო, რომ რუსი ჯარისკაცები კვირების განმავლობაში არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას, გამოიყენონ ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც შეთანხმებულია და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრი ირინა ვერესჩუკი პირადად არის ამით დაკავებული. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მარიუპოლი სტრატეგიული ქალაქია - მას აქვს წვდომა შავ ზღვაზე. ჩვენ, ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ თუ მარიუპოლი დაეცემა და გვჯერა, რომ ასე არ მოხდება, ეს გამოიწვევს უსაფრთხოების დამატებით პრობლემებს რეგიონისთვის, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ უკრაინის ჯარი არის იქ, არამედ არის ეროვნული პოლიცია და სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები. ყველა ეს ადამიანი 24/7-ზე იცავს მარიუპოლს. დარწმუნებული ვარ, ვინც ომს თვალს ადევნებს, ნახა მარიუპოლის განადგურების ამსახველი კადრები. ჩვენი ჯარი უმკლავდება ამას დიდი შემართებით, ძალითა და არანორმალური პატრიოტიზმით. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ადამიანების წვლილი, რომლებსაც სჯერათ უკრაინის, სჯერათ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ენდობიან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, შესაბამისად კაპიტულაციის მოთხოვნა და იარაღის დაწყობა არასდროს იქნება გაზიარებული, არასდროს იქნება მიღებული უკრაინული მხარის მიერ.

- გუშინ, როდესაც ინტერვიუზე ვთანხმდებოდით, თქვენთან საჰაერო განგაში იყო ჩართული. სამწუხაროდ, უკრაინელების ყოველდღიური ცხოვრება არა მხოლოდ განგაში, არამედ რუსული ბომბებიც გახდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ცხადად აქვთ წარმოდგენილი დასავლელ პარტნიორებს უკრაინაში არსებული ვითარება და რამდენად საკმარისია თქვენთვის ის ნაბიჯები, რომლებსაც მსოფლიო ლიდერები დგამენ. გქონდათ უფრო მეტის მოლოდინი?

- პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. 9 ქალი პარლამენტარი ახლახანს დავბრუნდით ქვეყანაში - კაცებს საერთოდ არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, რადგან უმეტესი მათგანი ახლა მსახურობს ჯარში, აქედან გამომდინარე, 9 ქალმა პარლამენტარმა გავაკეთეთ მცირე ტური, რომლის ფარგლებშიც ვიყავით სტრასბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტთან და ევროსაბჭოსთან. ასევე, ვიყავით გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გვქონდა შეხვედრები პარლამენტარებთან, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრებისას ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსეთს უნდა დაეტოვებინა ევროსაბჭო და ასეც მოხდა. ევროპარლამენტარებთან ვსაუბრობდით დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, რამაც რუსეთის ეკონომიკა უნდა დააზიანოს და ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად რუსეთის ეკონომიკამ დაიწყო დნობა, განსაკუთრებით ძალიან სპეციფიკური სანქციების შემდეგ, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. 230-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი დატოვებს. იმ საერთაშორისო კომპანიებს კი, რომლებსაც არ სურთ რუსეთიდან გასვლა, ვაიძულებთ ამის გაკეთებას, რადგან ისინი იღებენ ჭუჭყიან ფულს, რომელიც უკრაინას ტყვიების სახით უბრუნდება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიიღეს ინფორმაცია პირველწყაროსგან, უკრაინის პარლამენტარებისგან, რომლებიც ასევე ვართ ამ ომის მსხვერპლი - ზოგიერთი ჩვენგანი გახდა უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი, ზოგიერთმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი, ზოგს არ აქვს ადგილი, სადაც დაბრუნებას შეძლებს, როგორც ბევრ უკრაინელს.

რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, ეს საკითხი ჯერ ისევ მაგიდაზეა. ჩვენ შევთავაზეთ ჩაეკეტათ ცა 15 ბირთვული რეაქტორის თავზე, რაც პოტენციურად შეიძლება გახდეს 15 „ჩერნობილი“ თუ რაკეტა „შემთხვევით“ ან განზრახ მოხვდება მას. ჩვენ ვნახეთ მსგავსი შემთხვევები ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, ჩერნობილში და ეს არ არის ხუმრობა - ეს ქმნის უსაფრთხოების უდიდეს პრობლემებს და თუ ჩვენ ამ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს ვუწოდებთ, ატომური ელექტროსადგურების შემთხვევაში ეს ეკოციდი იქნება ადამიანებისთვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც.

ასევე, ჩვენ დავაყენეთ ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, როგორიც არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და საერთაშორისო წითელი ჯვარი. ისინი ახლა მსჯელობენ გადაწყვეტის გზებზე, როგორ გაუწიონ მეტი დახმარება მათი მანდატის ფარგლებში. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მარიუპოლზე, მაგრამ როგორც იცით, ასევე კატასტროფული ვითარებაა ხარკოვისა და დედაქალაქ კიევის ირგვლივ. ჩვენ მათ მოვუყევით ადამიანური ისტორიები, თუ როგორ უწევს მოსახლეობას დასალევად თოვლის დადნობა, რადგან მათ არ მიეწოდებათ წყალი და რომ ორსული ქალები ხარკოვსა და მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების მიმდინარეობისას მშობიარობენ. ყველაფერმა ამან უდიდესი შეშფოთება გამოიწვია ჩვენს პარტნიორებში.

გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ ახალი კოალიცია, ანტიპუტინისტური კოალიცია, რომელზეც პრეზიდენტ ზელენსკიმაც ისაუბრა, სადაც ქვეყნები მთელი მსოფლიოდან შეძლებენ გაერთიანებას, რათა დაეხმარონ უკრაინას 24 საათის განმავლობაში და გაუწიონ პირველადი დახმარება თავდაცვის, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მიმართულებით.

- პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის დამოუკიდებლობას, ამას ვერ გააკეთებს ვერც როგორც პრეზიდენტი და მხარს ვერ დაუჭერს ვერც როგორც მოქალაქე. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში თუ რაიმე საკითხზე შეიძლება დათმობებზე წახვიდეთ, ეს უკრაინის უბლოკო სტატუსი იქნება? უფრო კონკრეტულად რომ გკითხოთ - შეიძლება, რომ უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობისა და ომის შეწყვეტის სანაცვლოდ უარი თქვას ნატოში წევრობაზე ?

- როგორც იცით, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაღიარეთ ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები, ომი დაიწყო. ეს საკითხი მაგიდაზე წლების განმავლობაში იდო და პუტინმა შემდეგი სვლა გააკეთა, თავად აღიარა მათი დამოუკიდებლობა, დაიწყო მათთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ამის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვლის დილით 05:00 საათზე. ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ დათმობებზე და თუ ჩვენ ერთ დღეს დავიწყებთ ამაზე საუბარს, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საფუძველზე უკრაინელებთან. როგორც იცით, ახლა არ გაკეთებულა მსგავსი განცხადებები, რომ ჩვენ რამის დათმობას ვაპირებთ. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინაში ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა მოსახლეობის 80%-ზე მეტმა გამოხატა, ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ეს საკითხი ჩაწერილია კონსტიტუციაში, ისევე როგორც სრული წევრობა ევროკავშირში და ჩვენ მადლიერები ვართ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა. ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს, ისევე როგორც საქართველო და მოლდოვა. აქვე ისმის კითხვა, ჩვენ რომ წავიდეთ დათმობაზე ნატოსთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტია? ჩვენ ვართ ბუდაპეშტის მემორანდუმის წევრები, რომლის სხვა ხელმომწერებმა ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებით არ უზრუნველგვყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღეს, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ატომურ იარაღზე. ალტერნატივა არის ასეთი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. როგორ უნდა გავაკეტოთ ეს ?! ცალკე საკითხია, მაგრამ დათმობები არ იქნება.

- ჩემი შემდეგი კითხვაც სწორედ ეს არის, რა შეიძლება იყოს უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები ?

- ჩვენ არ განვიხილავთ ამ საკითხს ასე - „ნატო თუ არა...“. ეს დაივიწყეთ, საკითხი ასე არ დგას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა განაცხადოს უკრაინელებთან ამ საკითხის ფართო განხილვის შემდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოახდინა „უკრაინა 24“-ის ინიცირება, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ქვეყანა თანამშრომლობისთვის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარების, თავდაცვის მიმართულებით და ნებისმიერ სხვა საკითხზე, რომელსაც შეუძლია უკრაინა დახმარება და მხარდაჭერა ომში გასამარჯვებლად.

- საქართველოზე მინდა გკითხოთ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის უკრაინასთან ერთ პაკეტში მოიხსენიებოდა და მოიაზრებოდა, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში წევრობის კონტექსტში. ახლაც არ მგონია, უკრაინაში ომმა საქართველოსთვის შედეგების გარეშე ჩაიაროს. ხშირად გვესმის დასავლელი ლიდერების მხრიდან განცხადებები იმის შესახებ, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, შემდეგი აუცილებლად საქართველო იქნება. ამ შესაძლო სცენარის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენთვის?

- თქვენ გქონდათ ანალოგიური გამოცდილება 2008 წელს, ეს ძალიან მტკივნეული იყო და როგორც აღმოჩნდა ეს იყო გაკვეთილი, რომელიც არ ისწავლეს დასავლელმა პარტნიორებმა. დასავლეთს კოლექტიური და მწვავე რეაქცია რომ ჰქონოდა ჯერ კიდევ 2008 წელს, უკრაინის სცენარი აღარ განვითარდებოდა. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს შემდეგ, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში იგივენაირად იმოქმედა - ჩვენ ვიცით, სადამდე მიდის ეს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი გახდება და ვფიქრობ მას შემდეგ, რაც ჩვენს ომს მოვიგებთ, შევძლებთ თქვენს დახმარებას, თუ ქართველებს ენდომებათ ამ გზით წასვლა და ამ სცენარის განვითარება, რომელიც ტერიტორიების გამოხსნას გულისხმობს. საზოგადოების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სწორედ საქართველოს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, მზად არიან თუ არა იბრძოლონ.

ახლა ყველაფერი უკრაინაშია კონცენტრირებული, საქართველოსა და მოლდოვის მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება. ომის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, წინ წავიწევთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, როგორც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პიონერები. ჩვენ ახლოდან უნდა დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას უკრაინაში და შემდეგ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალისხმევა და გავცეთ ერთიანი მყარი პასუხი პუტინს.

- პრეზიდენტ ზელენსკის უკვე მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პარლამენტში მოუსმინეს. საქართველოში, ოპოზიციასაც ჰქონდა ინიციატივა, რომ უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვისაც მიემართა, თუმცა ჯერ რასაც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ფრთხილ პოზიციას აფიქსირებს. რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას ჩვენს პარლამენტში ზელენსკის მოსმენასთან დაკავშირებით?

- ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის. შეიძლება პასუხის დაყოვნებას ან რეაქციის დაყოვნებას თავისი მიზეზები ჰქონდეს და ამ მიზეზებს თავი დავანებოთ. მაგრამ მე მახსოვს, როგორ მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოედანზე შეკრებილ საქართველოს მოსახლეობას და ეს იყო ნათარგმნი. ჩვენ ვნახეთ მხარდამჭერი მსვლელობები, რაც უზარმაზარი იყო, ასევე ახლახანს სტრასბურგში შევხვდით კოლეგებს საქართველოდან და მათ გვაჩვენეს მხარდაჭერა, ხმის მიცემისას თუ სიტყვიერად და ყველა მათ ქმედებაში. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ვნახოთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტში და ვიმედოვნებთ, ეს არ შეასრულებს დესტრუქციულ როლს ჩვენს ურთიერთობებში.

- დიდი მადლობა ჩვენთვის გამონახული დროისთვის, გისურვებთ გამძლეობას! გისურვებთ გამარჯვებას! დიდება უკრაინას!

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო