პაატა ზაქარეიშვილი - ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და მოსკოვს ჯარები გააყვანინოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ახლა დადუმდა

ვიდრე სანქციებია რუსეთში და პუტინი ხელისუფლებაში, მანამდე გვაქვს შანსები საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და რუსეთს ჯარები გააყვანინოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, უკრაინა-რუსეთის ომმა საქართველოს არათუ შესაძლებლობების ფანჯარა, ჭიშკარი გაუხსნა, რასაც, მისივე შეფასებით, ხელისუფლება არ იყენებს.

„დეოკუპაციის მიმართულებით, საქართველოს შანსები იზრდება, მაგრამ არა სამხედრო მოქმედებებით. თუ ვინმეს გაუჩნდა განცდა, რომ ახლა არის დრო, როცა სამხედრო შეიარაღებული ძალებით უნდა მოვახერხოთ „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, ეს არის უაღრესად მცდარი და წინდაუხედავი მოსაზრება, მაგრამ გაჩნდა მნიშვნელოვანი შანსები, მოხდეს სიტუაციის გალღობა და პროცესების არსებითად მართვა, თუ ჩვენ ჩავერთვებით იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც მსოფლიოშია. უნდა მოვხვდეთ უკრაინის დღის წესრიგში. ძალზედ უცნაურია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დადუმდა ისეთ თემებზე, რომელზეც მუდმივად ლაპარაკობდა, რომ საქართველო ოკუპირებულია და რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმაზე ხელმოწერით აიღო და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.

მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ რა იმედი აქვთ უკრაინა-რუსეთის შეთანხმების შესრულების, რომელსაც ხელი ოდესღაც მაინც მოეწერება, როცა რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არ ასრულებს?! ამასთან, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება. ამაზე საუბარი იქნება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების კონტექსტშიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ საქართველო მუდმივად იქნება ყურადღების ცენტრში და როდესაც ამ თემებზე საუბარი დაიწყება უკრაინასთან მიმართებაში, ასევე უნდა იყოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაშიც. ეს საკითხები მსოფლიო დღის წესრიგის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რადგან აქ შანსები გვაქვს. თუმცა, უცნაურია, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც ახლა დადუმდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რატომ დუმს ხელისუფლება? - ამ კითხვაზე პასუხად ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მას დირექტივები რუსეთიდან აქვს და ხელისუფლება ახლა შეშინებული სირაქლემას პოზიციაშია.

„რუსეთი იტანს საქართველოს კოლექტიურ აღტყინებას რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ვართ ჯოგში, ჯოგური ქცევა გვაქვს, იქ ვმონაწილეობთ, მაგრამ სადაც საჭიროა ინდივიდუალური ქცევა - „დამინახეთ, დამინახეთ ხალხო, ჩვენც ვართ დაზარალებული“, ეს იკრძალება და ჩრდილში ექცევა. თუ ჩვენი ხელისუფლება ამაზე რუსეთმა გააფრთხილა, ეს არის უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქცევა. საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ რუსეთს არ უნდა შევახსენოთ ჩვენი არსებობა - თუ არ ვარსებობთ, ვერ დაგვინახავს და გაგვატარებს. ხელისუფლება არის შეშინებული სირაქლემას პოზიციაში. არ მგონია, რომ მათ რუსეთი უყვართ, მაგრამ რუსეთის ეშინიათ და ურჩევნიათ არ გააღიზიანონ. როდესაც საუბრობენ არგაღიზიანების პოლიტიკაზე, აქ პოლიტიკა საერთოდ არ არის, მარტო არგაღიზიანებაა. უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ფრთხილად. რატომ არ ვაღიზიანებთ, ამაზე პასუხი ხომ უნდა გვქონდეს? ან მივდივართ ნატო-ში თუ არა? ვმუშაობთ დეოკუპაციაზე თუ არა? რა არის ამ არგაღიზიანების ფასი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბორდერიზაცია ისევ მიმდინარეობს, ირაკლი ბებუა ისევ ტყვეობაში გვყავს სოხუმში, გახელაძე გამოიხსნეს, მაგრამ საპატრიარქომ გააკეთა ეს და არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას.

თუ უკრაინა მარცხდება, ჩვენც აუცილებლად ვმარცხდებით, მაგრამ თუ უკრაინა იმარჯვებს, მაშინ ჩვენი გამარჯვების შანსებიც ერთი-ორად იზრდება და სად ვართ მაშინ ჩვენი ფრთხილი პოლიტიკით? უკრაინის თემამ არათუ შესაძლებლობების ფანჯარა, ჭიშკარიც კი გახსნა. თუმცა, სავარაუდოდ, რაღაც დირექტივა გვაქვს რუსეთიდან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არ უნდა ვაკეთოთ, მაგალითად, შეიძლება ხმა მივცეთ გაეროში, მაგრამ არ უნდა მივუერთდეთ სანქციებს; შეიძლება ხმა მივცეთ ჰააგაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში ვითქვიფებით. რუსეთის პოზიციის მთავარი კონტექსტია საქართველო არ გამოჩნდეს, როგორც უკრაინა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი ახალგაზრდების აქტიურობაა და ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილის პოლიტიკას ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ ეთანხმება.

„კარგი იქნება, თუ ყოველდღე თუნდაც ერთი საათით 10 ათასი კაცი მუდმივად გარეთ იქნება ქუჩაში და გააპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, ამას მსოფლიო დაინახავს, რომ მოსახლეობა არ ეთანხმება ხელისუფლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიომ ნახოს, რომ საქართველო თავის თავს უკრაინასთან აიგივებს. ასევე უნდა იყოს მშვიდობიანი მიტინგები ამერიკის საელჩოსთან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან, რომ არ დაგავიწყდეთ საქართველო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ნუ ენდობით მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ამ ტიპის აქტივობები მნიშვნელოვანია, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებები და ტემპერატურის არდაგდება. როგორც კი რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამ სანქციების მოხსნა დაიწყება, საქართველო უნდა იყოს დღის წესრიგში და ამ სანქციების მოხსნის პირობად ჯარების გაყვანა საქართველოდანაც უნდა იყოს, ასევე აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უკან წაღება. თუ ჩვენ ჩამოვრჩით, მე არ მესმის, მერე რა მორალური უფლება ექნება „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც, მათივე აზრით, საქმე 2008 წელს საკმარისად ვერ გააკეთა? დღეს „ოცნებას“ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი გაუჩნდა და არ იყენებს. ამერიკელები და ევროპელები უფრო ხშირად გვახსენებენ ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვახსენებთ თავს მსოფლიოს. ივანიშვილმა დაფერთხა „ქართული ოცნების“ კოალიცია, გამოყარა იქიდან პოლიტიკოსები და დატოვა მედროვეები - მდინარაძეების და კობახიძეების სახით, რათა არაფერი კეთდებოდეს. ვიდრე სანქციებია რუსეთში და პუტინი ხელისუფლებაში, მანამდე გვაქვს შანსები. მაგრამ თუ კარი ღიაა და არ შედიხარ, რომ დაიკეტება, არავის ბრალი არ იქნება ეს ჩვენი თავის გარდა. საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორია არის ისტორია, რომელსაც სახელად შეიძლება დავარქვათ „გაშვებული შანსების ისტორია“. სულ გაშვებული შანსები გვაქვს, სამწუხაროდ. ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, აქტიურები უნდა იყვნენ არჩევნებში და ოპოზიციამაც უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი და მოტივაცია შეუქმნას მოსახლეობას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა