თეა ახვლედიანმა და ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესი ორივე განზომილების - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

„სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც ერთი მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. სწორედ ამას ემსახურება ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს და გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ექსპერტებმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს