სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და ვიცე-პრემიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სომხურ-ქართული ურთიერთობების მუდმივ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მაღალი თანამდებობის პირთა ორმხრივი ვიზიტების მეშვეობით პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება.
„სატელეფონო საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას აცნობა აზერბაიჯანის ქმედებების შესახებ არცახის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების, ზამთრის მძიმე პირობებში სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხების შესახებ, რის შედეგადაც არცახი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა.
არარატ მირზოიანმა წარმოადგინა სომხური მხარის პოზიცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობის როლს. ასევე, გაიმართა აზრთა გაცვლა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.