გიგა ბოკერია - ორმხრივ ფორმატებში იგივე გარანტიები, რაც ნატოს აქვს, ზუსტად ის „ნეიტრალიტეტია“, რაც სჭირდება უკრაინას და საქართველოს - დეოკუპაციაზე შალვა პაპუაშვილის განცხადება კი მოღალატეობრივია

ორმხრივ ფორმატებში იგივე ტიპის გარანტიები, რაც ნატოს მე-5 მუხლს ახლავს, ზუსტად ის „ნეიტრალიტეტია“, რაც სჭირდება უკრაინას და რაც სჭირდება საქართველოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტის უკრაინული მოდელი.

ბოკერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის მიერ ნახსენებ სიტყვა „ნეიტრალიტეტში“ არ იგულისხმება „დანებება“, რა შინაარსიც „ნეიტრალიტეტს“ პუტინის პროპაგანდის მიხედვით ჰქონდა.

„უკრაინამ დააზუსტა, რომ საუბარია შემდეგ რაღაცაზე: რადგან ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის დანაშაულებრივი პოზიციის გამო, ვერ დაჩქარდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება, იგივე ტიპის გარანტიები, რაც ნატოს მე-5 მუხლს ახლავს, მიღწეულ იქნას ორმხრივი ფორმატებით უკრაინისთვის შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან და ა.შ. ასეთი „ნეიტრალიტეტი“ არის ზუსტად ის, რაც სჭირდება უკრაინას და რაც ჭირდება საქართველოს, სანამ ნატოში გაწევრიანება არის გაწელილი, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნატოზე უარი უნდა ვთქვათ. ნატოს ამოცანა დარჩება“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება საქართველოს და ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ნეიტრალიტეტს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის შეფასებით, „ქართულ ოცნებას” უკრაინის ომისა და ნეიტრალიტეტის საკითხზე „პუტინისტური პროპაგანდა აქვს, რომელსაც ლოგიკა არ გააჩნია“.

„ოცნებას“ პუტინისტური პროპაგანდა აქვს, იქ ლოგიკა არ არის. ყველაფრის ნიაღვარი მოდის, თან ამკვიდრებენ იდეას, რომ უნდა დავნებდეთ, „აბა სხვა რა გზა გვაქვს, ნახეთ უკრაინაში ხალხი როგორ იხოცება? გინდათ ასე? ხომ ხედავთ, უკრაინაში მარტო უკრაინელები იბრძვიან“. ტყუილია, უკრაინა მარტო არ იბრძვის. საკუთარი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლო აბა რა, სხვისკენ ხელის გაშვერა, ისინი ცუდად იქცევიან, უნდა დავნებდეთ და კადიროველების საბოგინო გავხდეთ, ეს არის ღალატი. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა წლებია და ახლა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მან საზოგადოებას მიმართა, რომ ასეთი განცხადებები მცდარია.

„ხალხს მივმართავ, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები უსინდისოდ გატყუებენ. ახლა უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც უკრაინის საკითხთან ერთად წინა ხაზზეა და იღებს ორმხრივი უსაფრთხოების, ნატო-ს წევრობის, იარაღის გარანტიებს. ეკონომიკურად ამ გასაჭირში წინ წასვლის გარანტიებს. ეს მთავრობა რას აკეთებს? ხალხს აშინებს და ეუბნება- „ხალხო, ჩუმად ვიყოთ. ეს ჩემი ოპონენტები არიან, უნდათ, რომ დაგბომბონ, ამიტომ, მე დამტოვეთ ხელისუფლებაში და თუ საჭიროა სახელმწიფოებრიობას გავატარებ, თქვენ ხომ არ გინდათ თქვენი შვილები დაიღუპონ. ამიტომ, მოდით, სახელმწიფო არ გვქონდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, მოატყუებენ პუტინს, რომ თან ნორმალური სახელმწიფო გვექნება და ის ვერ შეგვამჩნევს? არა მეგობრებო“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ თუ საქართველო გაჩუმდება, ვლადიმერ პუტინი ვერ შეამჩნევს და ქვეყანა ისე ააშენებს წარმატებულ სახელმწიფოს. გიგა ბოკერიას შეფასებით, „სანამ პუტინი და მისი ბოროტების იმპერია არსებობს, რისკი ყოველთვის იქნება“.

„ხელისუფლების მთელი პროპაგანდა და ფსონი იმაზე იყო დადებული, რომ პუტინი უძლეველია. ამით აშინებენ ხალხს, შიში აბსოლუტურად ნორმალურია ყველა მოქალაქისთვის, რომ არ გინდოდეს ომი და დაბომბვა, თუმცა მთავრობა გვეუბნება, იცი რა, შანსი არ გვაქვს, არ უნდა გავინძრეთ, რომ დაცულები ვიყოთ, ხომ არ გინდა ვიომოთ და დავიღუპოთ, ამიტომ დავნებდეთ“, - აღნიშნა ბოკერიამ.

გარდა ამ საკითხისა, ბოკერიამ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით გაჩენილ შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ფიქრობს, რომ „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის თემის მიბმა არაკეთილსინდისიერი მიდგომა იქნება“. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები მოღალატეობრივია.

„მოღალატეობრივია, სიბრიყვით ან შეგნებულად ასეთი განცხადება. ახლა, როცა დაგვიანებით, მაგრამ არის შანსი, რომ ჩვენი უსაფრთხოების, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ჩავსვათ დასავლეთის დღის წესრიგში, თურმე ეს არ უნდა გავაკეთოთ. ანუ, მას უსინდისობად არ მიაჩნია, როცა პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებას აზრი არ აქვს, როცა მისი პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირი არ ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს.

„წლებია ხდება სპეკულირება, დავუთმოთ რუსეთს, საფრთხე არ იყოს, ნატო-ში არ შეხვიდე და აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ. ეს მავნებლური, მოღალატეობრივი ბოდვაა. მათ პირიქით, ეს ტერიტორიები უნდათ იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული სახელმწიფო არ ვიყოთ. ამიტომ, ეს არის დიდი სიცრუე და მავნებლობა. ჩვენ თუ გვინდა თავისუფლები ვიყოთ, ახლა უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ამ ფაზაში გვჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა. ყველა, ვინც დღეს თავს ხატავს ამ რეჟიმის ოპონენტად, მაგრამ ამავე დროს, გუნდრუკს უკმევს ამ რეჟიმს, გრიგოლ ვაშაძემ გამოიჩინა თავი და სხვებმაც, „მეტი რა უნდა ექნათ, ევროსაბჭოში წინააღმდეგ მისცეს ხმაო“, ეს იაფფასიანი ბოდვაა. თურმე, უკრაინის ხელისუფლებას დაესიზმრა, ელჩი რომ საქართველოდან გაიწვია, ვერ ხვდებიან, თავს იტყუებენ ან ჩვენ არ გვესმის რას ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი და როგორ მოქმედებს. ვინც ახლა ამ მკაფიო პოზიციაზე არ დადგება, ნებით თუ უნებლიეთ ხელს შეუწყობს საფრთხის გაზრდას და ისტორიული შანსის დაკარგვას. ეს რეჟიმი უნდა გავაშიშვლოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ. მათთან თანამშრომლობა, სანამ ასეთები არიან, არ შეიძლება. ილუზიებია, რომ დავარწმუნებთ, შევალამაზებთ ვითარებას, ხვალ იქნებ რეზოლუციაში რუსეთი ჩავაწერინოთ, რომ ჩაწერონ მერე რა? 2014 წელს ჩაწერეს, რამე იმოქმედეს?! ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა ბოკერიამ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით