დავით უსუფაშვილი - „ოცნება" კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ

„ოცნება" კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ, ეს მაშინ როცა პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ რაღაცების დაჩქარებულად გაკეთებას, ჩვენ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე „ოცნების" მიერ შერჩეულ და შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად პრეზიდენტს ან დაემუქრება ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, "ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით".

„პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა გუშინ გვიან ღამით დღეისთვის, პარასკევისთვის. ეს უცნაური მოვლენაა, რადგან ბიურო ორშაბათობით ტარდება ხოლმე და რა თქმა უნდა, გულმა რეჩხი გვიყო ბევრს, ესეიგი რაღაცაშია საქმე და გაირკვა, რაშია საქმე -" ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რომლითაც გარდაუვალია "ოცნებასა" და "ოცნების" მიერ შერჩეულ პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლა, არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. საქმე ეხება პროექტს, რომელიც წინა კვირაში შემოვიდა, რაც მოჰყვა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და "ოცნების" უკმაყოფილებას, რაც გადაიზარდა სხვადასხვა ტიპის მუქარაში, რომ წავიდოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიღაცამ იმპიჩმენტიც ახსენა, მერე დაიწყეს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძებნა, რომ რაც შეიძლება მეტად მოათვინიერონ პრეზიდენტი და შემოვიდა ეს კანონპროექტი 22 მარტს, გასულ სამშაბათს, პროექტი ბიურომ გადასცა კომიტეტს განსახილველად და დღეს უკვე ინიციატორები მიმართავენ ბიუროს, რომ გასულ 2 დღეში კომიტეტზე არავის არაფერი საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია და მზად ვართ დაჩქარებულად განვიხილოთ პროექტიო. კომიტეტზე წინადადებების წარდგენა ხდება, როცა კომიტეტის სხდომა დაინიშნება და განხილვა იქნება, კომიტეტს 30 დღე ეძლევა განსახილველად და 2 დღეში ამბობენ, შენიშვნები რადგან არ არის, დაჩქარებულად განვიხილოთო. პარასკევს ბიუროს ჩანიშვნა იძლევა საშუალებას, რომ მომავალი კვირის განმავლობაში პროექტი უკვე იქნას დაჩქარებულად განხილული, წერტილდასმული და პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გაგზავნილი,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის ავტორიტეტს დააზიანებს.

„ეს ყველაფერი რომ მხოლოდ იურიდიული და ტექნიკური საკითხები იყოს, თქვენს ყურადღებას ამაზე არ შევაჩერებდი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როცა ქვეყანას უკიდურესად ესაჭიროება კონსოლიდირებული სახელისუფლებო სისტემა, პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, ასეთ ვითარებაში "ოცნება" კვლავ დგმას ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის უკვე არსებულ პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე და ავტორიტეტზე გარეთ, ეს მაშინ როცა პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ რაღაცების დაჩქარებულად გაკეთებას, ჩვენ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე "ოცნების" მიერ შერჩეულ და შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს არის უკიდურესად კონტრპროდუქტიული, რაც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ვფიქრობდი, "ოცნება" გაიაზრებდა რაღაცებს და ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს როგორღაც ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, რომ პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე ბევრი რამ ახდენს გავლენას და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. ვწუხვარ, რომ ასეთი ამბის მაცნე გამოვდექი დღეს საზოგადოებისთვის. მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად პრეზიდენტს ან დაემუქრება ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს