თენგიზ ფხალაძე - დასავლეთისთვის წითელი ხაზი არის რუსეთის მხრიდან იმ ტიპის იარაღის გამოყენება, რომელმაც შესაძლოა, განსაკუთრებული საფრთხე შექმნას - ამ შემთხვევაში რეაგირება იქნება მტკიცე, რისთვისაც დასავლეთი მზად არის

დასავლეთისთვის წითელი ხაზი არის რუსეთის მხრიდან იმ ტიპის იარაღის გამოყენება, რომელმაც შესაძლოა განსაკუთრებული საფრთხე შექმნას - ამ შემთხვევაში რეაგირება იქნება ძალიან მტკიცე, რისთვისაც დასავლეთი მზად არის, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რა არის დასავლეთისთვის ის წითელი ხაზი, რის შემდეგაც ფიზიკურ მოქმედებებზე გადავა“.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, როგორც კი დასავლეთი რუსეთის მხრიდან სხვა ტიპის იარაღის გამოყენებისთვის მზადებას დაინახავს, ამას ადეკვატური პასუხი მოჰყვება.

„დასავლეთი ჯერჯერობით აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც არის - პირდაპირ კონფრონტაციაში არ შედის, თუმცა ყველანაირად ზღუდავს რუსეთს, ასუსტებს მის სამხედრო ძალას და ამავდროულად აძლიერებს უკრაინას.

წითელი ხაზი არის იმ ტიპის იარაღის გამოყენება, რომელმაც შესაძლოა განსაკუთრებული საფრთხე შექმნას - ბირთვული იარაღი, ბიოლოგიური იარაღი, ქიმიური იარაღი. წითელი ხაზი არის ეს და ამ შემთხვევაში მოქმედება იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. რეაგირება იქნება ძალიან მტკიცე. ამ რეაგირებისთვის, დასავლეთი მზად არის. შანტაჟი, რომელსაც კრემლი აწარმოებს, რომ ის სხვა ტიპის იარაღს გამოიყენებს, ამას აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური პასუხი, როგორც კი დაინახავენ ამის მზადებას. არ ხდება ისე, რომ პუტინი რაღაც ღილაკს დააჭერს და ყველაფერი მოქმედებაში მოდის. ამას მომზადება სჭირდება. როგორც კი დაინახავენ, რომ განცხადებების მიღმა დაიწყო რაღაც ტიპის ქმედებები, რომელიც მიანიშნებს შესაძლო გამოყენებაზე, ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება სერიოზული ქმედებები“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებში საქართველოს როლსა და მნიშვნელობას, ფხალაძე ამბობს, რომ დასავლეთში საქართველოს მნიშვნელობა დანახულია, მაგრამ საჭიროა „უფრო თამამი მოთხოვნები და ნაბიჯები“.

„პარტნიორები ნამდვილად ფიქრობენ იმაზე, როგორ აამაღლონ პარტნიორი ქვეყნების დაცულობა. ეს, პირველ რიგში, საქართველოს ეხება. ასევე, ფიქრობენ, რა უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ამას ხელშესახებ შედეგად აქცევს.

ვისურვებდი, რომ ჩვენი აქტიურობა იყოს გაცილებით მაღალი, გაცილებით უფრო თამამები ვიყოთ ჩვენს მოთხოვნებში. მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ყველას, რომ რაც დღევანდელ დღეს მივიღეთ, ეს არის ომი ევროპაში. ეს მივიღეთ იმის გამო, რომ თავის დროზე თვალი დაიხუჭა საქართველოზე და რუსეთს ეპატია საქართველო. მუდმივად უნდა ვახსენებდეთ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც წარმოუდგენლად მაღალი კონტრიბუცია გაიღო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - ეს იყო ბრძოლა საქართველოშიც და ეს იყო საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელზეც გადის ტრანსპორტისა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული გზები, ამიტომ ამ ქვეყნის უსაფრთხოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთში დანახულია, მაგრამ ამას ჩვენგან თამამი მოთხოვნები, ნაბიჯები და თამამი ინიციატივები სჭირდება. ამასთან, არა მხოლოდ დასავლეთის მიმართ მოთხოვნები, არამედ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც გვაქვს“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა