თეონა აქუბარდია უმრავლესობას - შევქმნათ ერთიანობა პარლამენტის შიგნით და ასევე, დავიწყოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს მხარდაჭერა ჰქონდეს

კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, რომ შევქმნათ ერთიანობა პარლამენტის შიგნით და ასევე, დავიწყოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს მხარდაჭერა ჰქონდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, საქართველოს ეს შესაძლებლობა ახლა აქვს.

„თქვენ სხდომის დასაწყისში ახსენეთ, რომ მიდიხართ ბრიუსელში. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები იყვნენ ბრიუსელში, სადაც მათ ჰქონდათ შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. ამ შეხვედრაზე ორი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებულ განაცხადზე: ერთი ის, რომ ერთიანობის გარეშე ძალიან რთული იქნება შედეგის მიღება და ერთიანობა რომ არ გვაქვს პარლამენტში, ეს არის მთავარი წუხილი და მეორე - დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როდესაც დაჩქარებული რეფორმებია აუცილებელი. სანამ თქვენ ვიზიტით წახვალთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, რომ შევქმნათ ერთიანობა პარლამენტის შიგნით და ასევე, დავიწყოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება იმისთვის, რომ ამ განაცხადს მხარდაჭერა ჰქონდეს. ერთიანობა აუცილებელია და ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, დელეგაციებში მონაწილეობისთვის, ასევე კონკრეტულ რეფორმებზე დღის წესრიგზე შესათანხმებლად. საქართველოს ეს შესაძლებლობა ახლა აქვს. იმ შესაძლებლობებზე, რაც მივიღეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ იყოს ამ პროცესის დაზიანების შესაძლებლობა. ერთიანობა და დემოკრატიული რეფორმები დავიწყოთ პარლამენტში“, - განაცხადა აქუბარდიამ.

დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი განაცხადია გაკეთებული, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს მთავრობას გვერდში დაუდგეს.

„ნამდვილად გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი არის ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს გაკეთებული და კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს. სწორედ ამიტომაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. აქ წამყვანი როლი ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. თავისთავად, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ ამ საქმეში გვერდში დაუდგეს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება. რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, ეს არის რთული, ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და პარლამენტს. ყველას მოგიწოდებთ, ჩავერთოთ ამ სამუშაოში და გვერდით დავუდგეთ მთავრობას. სამშაბათს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მხარი დაუჭიროთ მესამე მოსმენით "მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების. სრულად ვიზიარებ თქვენ განწყობას, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიაროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა