გიორგი ვაშაძე ბრიუსელში ევროპარლამენტარებს ანა ფოტიგას და იანა ტუმის შეხვდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, ვაშაძემ მორიგი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან იანა ტუმისთან და ანა ფოტიგასთან გამართა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და უკრაინისაკენ მიმართულ რუსულ აგრესიას ეხებოდა.

„შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტარებთან ანა ფოტიგასთან და იანა ტუმისთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებზე და შევეხეთ უკრაინისაკენ მიმართულ რუსული აგრესიის საკითხს.

ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას და იანა ტუმის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ უცვლელია, ისინი მზად არიან ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წარმატება პირდაპირ კავშირშია გასატარებელ რეფორმებთან, რომლის გატარებაზეც ვალდებულება საქართველომ და „ქართულმა ოცნებამ“ აიღო საკუთარ თავზე. ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების განმაპირობებელი ფაქტორი 19 აპრილის შეთანხმების პუნქტებში არსებული რეფორმების გატარებაა. ესენია: დემოკრატიული, საარჩევნო სისტემის, მართლმსაჯულების სისტემის და ძალაუფლების დემოკრატიულად გადანაწილების რეფორმები.

ისევე, როგორც წინა შეხვედრებზე ევროპარლამენტარებმა აქაც აღნიშნეს, რომ უამრავი კითხვა დაუგროვდათ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა უარი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც უპირობოდ აუცილებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო