კელი დეგნანი - რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რატომ უნდა დადგნენ ერთად ადამიანები, რომელთაც თავისუფლების სჯერათ - ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობისა და სოლიდარობის დროა

ჩვენ სოლიდარული ვართ ქართველი ხალხისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრონ თავისუფალ და ცივილიზებულ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე მიძღვნილ ღონისძიებაზე 26 მარტს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში საქართველომ და აშშ-მა ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე.

„ყველამ იცით, რომ ეს ხედვა დიდ შრომას, სურვილსა და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად ისეთი ფუნდამენტური პრინციპების დაცვა არის საჭირო, როგორიცაა თავისუფლება და ადამიანის უფლებები, რაც საქართველოს ისტორიის ნაწილია თამარ მეფისა და ილია ჭავჭავაძის დროიდან. ამერიკას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს დასახმარებლად, რათა თავისუფალი და გამჭვირვალე დემოკრატია შექმნათ. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი დოლარი, გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი, რათა მათ უკეთესად დაიცვან საქართველოს საზღვრები და საქართველოდან დაახლოებით 600 ადამიანი გავაგზავნეთ აშშ-ში კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში. სხვა უამრავ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ასევე გეხმარებოდით ეკონომიკურ, სამართლებრივ რეფორმებსა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვჯერა. ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვწამს, ჩვენ გვჯერა საქართველოს, როგორც დემოკრატიული ერის წარმატების”, - აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი უახლესი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ უნდა დადგნენ ერთად ადამიანები, რომელთაც თავისუფლების სჯერათ და რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი პარტნიორობა.

წარმოუდგენლად მამაცი უკრაინელები თავს იცავენ რუსეთის აგრესიისგან, რომელიც ყველა ცივილიზებულ ნორმებს ანადგურებს. ვიცი, რომ ქართველებისთვის ამის დანახვა მტკივნეულია. თქვენ კარგად იცით, რას ნიშნავს თქვენს ქვეყანაში შეჭრა და მისი ოკუპაცია იმ ძალების მიერ, რომელიც დაშინებითა და ზეწოლით მართვას ცდილობს.

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი უახლესი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ უნდა დადგნენ ერთად ის ადამიანები, რომელთაც თავისუფლების სჯერათ და რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი პარტნიორობა. მსოფლიო ხედავს რევანშისტი რუსეთის ზრახვებს თავისი მეზობლების მშვიდობას, სოლიდარობას და ფუნდამენტურ პრინციპებს ძირი გამოუთხაროს. ახლა, ისე, როგორც არასდროს, ერთიანობის და სოლიდარობის დროა როგორც საქართველში, ისე საერთაშორისო გაერთიანებებში. წარმოუდგენლად ამაყი ვარ იმით, რასაც საქართველომ ბოლო 30 წელში მიაღწია. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ, გამჭვირვალე დემოკრატიად ჩამოყალიბებაში. წარსულს რომ გადავხედოთ, ჩვენი პარტნიორობა უბრალო სიტყვებზე მეტია - ეს ნიშნავს ათასობით ქართველის ცხოვრების გაუმჯობესებას. 30 წელი დიდ დროსავით ჟღერს, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს დიდი გამარჯვება იქნება აყვავებული, უსაფრთხო, და ცოცხალი დემოკრატიის აშენება. ამერიკელი ხალხი ძალიან ამაყია, რომ ამ ისტორიულ ძალისხმევაში მონაწილეობას იღებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა