გრიგოლ ვაშაძე - არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლება პრორუსულია, ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს - მოკავშირეები საქართველოს სანქციების რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ

არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია - მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსული არ არის, მაგრამ ამავე დროს, არც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

ოპოზიციონერის განცხადებით, „3-4 სკამზე ერთდროულად ჯდომა, არ გამოვა“.

"არასდროს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. ეს ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, 3-4 სკამზე ერთდროულად იჯდეს. პრორუსული ნიშნავს, რომ მითითებებს ასრულებ და თუ პრაქტიკულ ნაბიჯებს ნახავ, აღმოჩნდება, რომ იმ რუსული მოთხოვნებიდან, რომელიც კრემლის ბინადრებს საქართველოს მიმართ აქვთ, არცერთ ნაბიჯი არ გადადგმულა. სხვა საქმე არის, რომ ევროპულიც არ არის, რადგან, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ ვიღაცამ ხელი არ მოაწერა, როდესაც ამ რეფორმების გატარებაზე უარს ამბობ, ეს არის სრული კატასტროფა. სხვათა შორის, ახლა მე რასაც გეუბნებით, ეს არის ის შეფასება, რაც ჩვენს მოკავშირეებს აქვთ.

ხელისუფლების პოზიცია არის: არ გავაღიზიანოთ რუსეთი, ვეცადოთ მაქსიმალურად თავშეკავებულად მოვიქცეთ რუსეთთან. ამავე დროს, გავაგრძელოთ ის, რაც ევროკავშირს, ნატოს შეეხება. არავითარ შემთხვევაში არ გავუხსნათ რუსეთს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, არავითარ შემთხვევაში არ შევანელოთ დასავლეთისკენ ჩვენი სვლა, მაგრამ დასავლეთისკენ სვლა, იმის გარეშე, რასაც მოკავშირეები გთხოვენ და გეუბნებიან, რომ ეს სპეციფიკურად შენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები კი არ არის, ეს ის მოთხოვნებია, რითაც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის ყველა სახელმწიფო შევიდა ევროკავშირში... ამიტომ ასე 3-4 სკამზე ერთდროულად დაჯდომა ნამდვილად არ გამოვა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით გაკეთებული განცხადებები ძალიან ცუდი, არასაჭირო, უდროო და უშინაარსო იყო.

ვაშაძის განცხადებით, ჩვენი მოკავშირეები სანქციების რეჟიმს სერიოზულ ყურადღებას უთმობენ და საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ.

"ძალიან ცუდი განცხადებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული. არასაჭირო, უდროო, უშინაარსო. მით უმეტეს, რომ შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მშვენიერი ფორმულირება მისცა ხელისუფლებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოკავშირეები საქართველოსთან მუდმივ კავშირზე არიან იმისათვის, რომ საქართველო სანქციების რეჟიმში იყოს მთლიანად ჩაბუდებული. ამის გამეორება იყო უბრალოდ საჭირო. ძალიან უხეში, არადროული და უშინაარსო განცხადება იყო და რაც მთავარია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოკავშირეები სერიოზულ ყურადღებას უთმობენ სანქციების რეჟიმს და მით უმეტეს, საქართველოს ამ რეჟიმიდან გადახვევას არ აპატიებენ", - აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი.

მან გაუაზრებლად შეაფასა ასევე, მმართველი გუნდის წევრების უკრაინის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებიც.

"რაც ზედაპირზე ჩანს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის არის ის, რომ უკიდურესად გაუაზრებელი განცხადებები არის გაკეთებული. მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის თითქმის "ნაციონალებად" გამოცხადება. ის, რომ ვითომდა საქართველოს მიმართ უკრაინის პოზიციას იქ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები განაპირობებენ. ყველა პასუხისმგებელი პირი - თანამდებობის პირი იქნება, თუ პოლიტიკოსი, მსგავს განცხადებებს, მით უმეტეს, ასეთ ცხელ ფაზაში უნდა მოერიდოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე ისაუბრა რუსეთის პოზიციაზეც, მისივე შეფასებით, რუსეთს მის ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის კომპანიაში ყოფნა ძალიან აწუხებს.

"ძალიან აწუხებს ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის და სირიის კომპანიაში ყოფნა. ძალიან აწუხებს ევროპის საბჭოდან გარიცხვა. ძალიან აწუხებს ის ნაბიჯები, რომელიც დასავლური სამყაროს და მისი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მხრიდან იდგმება, იმისათვის რომ სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. ძალიან აწუხებს ის, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში აღმოჩნდა არა მარტო რუსული ეკონომიკა, ფინანსები და პოლიტიკა არამედ, ფაქტობრივად მთლიანად რუსეთის ფედერაციის საზოგადოება", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით