გრიგოლ ვაშაძე - თუ ომი რუსეთისთვის სასიკეთოდ დამთავრდა, ულტიმატუმს უნდა ველოდოთ - ჩვენი დიპლომატია დღე და ღამე უნდა მუშაობდეს, რომ ყველა სცენარი გათვლილი იყოს და ყველა შედეგისთვის მზად ვიყოთ

მართლა ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენი მოკავშირეები საქართველოს რუსეთს ნადავლად გადაუგდებენ, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ნატოს ისეთი მოკავშირეების გაძლიერება, როგორიცაა საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, ნატოს შტაბ-ბინაში უკვე მსჯელობენ იმაზე, თუ რა შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს და ამ სცენარს წინ როგორ უნდა აღუდგნენ.

წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად ხედავს საქართველოში კიდევ ერთხელ ომის დაწყების საფრთხეს, ვაშაძე პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინა ამ ომიდან „როგორ გამოვა“.

მისივე განცხადებით, თუკი რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვის სასიკეთოდ დამთავრდა, ულტიმატუმს უნდა ველოდოთ.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე ჩვენი მოკავშირე და უკვე სისხლით დაკავშირებული ძმები - უკრაინელები როგორ გამოვლენ ამ ომიდან. ის, რაც დღეს რუსეთის ფედერაციას უკრაინაში მოსდის, ის რომ უამრავი ძალოსანი პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრა და პუტინი მათ არც ახსენებს და ვირტუალურადაც კი არ აჩვენებენ, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის ყველა გათვლა უკრაინაში აღმოჩნდა მცდარი: რომ რუსეთს ჰყავს 21-ე საუკუნის არმია, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერი არიან, ერთმანეთთან ჩახუტებაში, მხოლოდ ნაციონალისტები და ბანდეროველები უშლიან ხელს, ის რომ არავითარი პროდასავლური კურსი უკრაინის მოქალაქეს არ უნდა და ერთადერთი, რაც უნდა, არის რუსეთის სამყაროსთან მიერთება.

თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ გმირულ ბრძოლას გააგრძელებენ, რომელსაც ისინი ახორციელებენ, ეს ერთი საკითხია. თუ ღმერთმა დაიფაროს და ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ესე არ მოხდება, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს, მაშინ ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ, ომი არ ვიცი, მაგრამ ასე თუ ისე, თუ რუსეთისთვის ეს სასიკეთოდ დამთავრდა ულტიმატუმს უნდა ველოდოთ. ულტიმატუმს, რასაც ისინი უკრაინიდან გამოიტანენ სარკისებურად“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ე.წ. ნეიტრალიტეტზე დათანხმება ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩენას ნიშნავს და ამის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიური კორპუსი მოკავშირეებთან ერთად, მუდმივად უნდა მუშაობდეს.

„ჩვენთვის ე.წ. ნეიტრალიტეტზე დათანხმება აბსოლუტურად ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დარჩენას ნიშნავს და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ფინელი მოკავშირეებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა ფინლანდიზაციაც კი, სამოთხედ მოგვეჩვენება. ეს ფაქტობრივად იმ გავლენის სფეროში და რკინის ფარდის იქით დარჩენას ნიშნავს. ამ პირობებში, დღეს იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ჩვენი დიპლომატია ჩვენს მოკავშირეებთან დღე და ღამე უნდა მუშაობდეს, რომ უკვე ყველა სცენარი გათვლილი იყოს და ყველა შედეგისთვის მზად ვიყოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასთან ომის მოგების, ან წაგების შემთხვევაში განწირულია.

"პუტინისთვის ხომ გასაგებია, მოიგებს - განწირულია, წააგებს - განწირულია. მოგების შემთხვევაში იმიტომაა განწირული, რომ სანამ პუტინი და მისი დამქაშები კრემლის ბინადრები არიან, ეს სანქციები არასდროს მოიხსნება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა