ლევან დავითაშვილი - ინტენსიური მუშაობა მიდის ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ბაზირებული იყო უკრაინის და რუსეთის ტერიტორიაზე, რომ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც უკრაინასა და რუსეთში იყო ბაზირებული, საკუთარი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო ჰაბად განიხილონ.

„რაც შეეხება ომიდან მომდინარე საფრთხეების მინიმიზაციას, აქ ვერ იქნება რაღაც სისტემური პასუხები, რადგან ეს არ არის ორდინალური სიტუაცია და არ არის მარტივად პროგნოზირებადი სიტუაცია. ეს არის სიტუაცია, რომელიც ძალიან დინამიკურია. მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება და კონკრეტულ გამოწვევებზე გვექნება რეაქციები. ამიტომ მთავრობა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი საგანგებო რეჟიმში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ოპერირებდა უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე და ბაზირებული იყო ამ ქვეყნებში, საუბარია ბრიტანულ, გერმანულ და სხვა კომპანიებზე, ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ მათ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ და საქართველომ ამით მიიღოს ამა თუ იმ სექტორის განვითარების შესაძლებლობა, ასევე გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები, მოხდეს კომპეტენციების ტრანსფერი, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. საბოლოოდ ეს ეკონომიკაში უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანი.

ჩვენ ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოელ ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები გაერთიანებულები არიან და ორგანიზებულად ვაკეთებთ ამას და ალბათ, უკეთესად გავაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები იმისთვის, რომ ამ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო როგორც ჰაბი, ისე განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის. ეს უფრო წარმატებით მიმდინარეობს მომსახურების სფეროში, ცოტა უფრო გრძელვადიანია საწარმოების კუთხით, თუმცა აქაც მიმდინარეობს მუშაობა; ასევე, სხვადასხვა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე მთავრობას კერძო სექტორისთვის დაწესებული ჰქონდა საგადასახადო შეღავათები, თუმცა ამ შეღავათების გაგრძელება მიმდინარე წელსაც იგეგმება.

„საგადასახადო ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული შეღავათები კერძო სექტორთან პანდემიიდან გამომდინარე. გარკვეულ სექტორებს, რომელსაც პანდემია შეეხო, ვალდებულებები გადავადებული ჰქონდა. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები მიმდინარე წელსაც გავითვალისწინოთ გადავადებული ვალდებულებების ნაწილში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა