ვახტანგ კაპანაძე - ჩვენს ქვეყანას საომარ მოქმედებებში ჩართულობა არ აწყობს - მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას მილიტარისტული მოწოდებები აქვს

მესამე ძალა უნდა იყოს, ვინც უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მედიატორობას განახორციელებს, ჯერ ასეთი ძალა არ ჩანს, ვიდრე ასეთი ძალა არ გამოჩნდება, შედეგზე ფიქრი ნაადრევი იქნება , - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, ვიდრე „რუსეთი შეტევების მეორე ტალღას წარმატებით, ან წარუმატებლად არ დაასრულებს, მოლაპარაკებას არ დაიწყებს”.

„მოლაპარაკებას და „ვაჭრობას“ მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს.

მთელი სისასტიკე - მიწასთან გასწორებული ქალაქები, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი და მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაზე ხელის შეშლა, მხოლოდ ის ბერკეტია, რასაც რუსეთი მოლაპარაკებების დროს იყენებს. უკრაინელი სამხედროები მყარად დგანან. ხედავენ, რომ გამარჯვება მათ მხარესაა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის მაინც.

როდესაც მოლაპარაკებებია, ვიღაც მედიატორი უნდა იყოს. ვიღაც მესამე ძალა უნდა იყოს, ვინც მედიატორობას განახორციელებს. ჯერ ასეთი ძალა არ ჩანს, ვიდრე ასეთი ძალა არ გამოჩნდება, შედეგზე ფიქრი ნაადრევი იქნება. ჰორიზონტზე ჩანს თურქეთი, ან ისრაელი, რომელიც საომარ კონფლიქტში ნაკლებად ჩართული მხარეა. თუ გამოჩნდება მესამე ძალა, შემდეგ უფრო წავა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისკენ საქმე. ფაქტია, რუსეთი „38-ე პარალელის“ გამოყენებას ცდილობს. როგორც კორეა გაიყო - ჩრდილო და სამხრეთ კორეა, ასე უნდა რომ გაყოს უკრაინა შუაზე. არ არის გამორიცხული ჩამოყალიბდეს გარკვეული სტატუს - კვო და გადავიდეს არც ომის და არც მშვიდობის ფაზაში, როგორიც იყო ყარაბაღი. დე ფაქტო და არა დე იურე ტერიტორია. ამ დროს უკრაინიდან შეიძლება იყოს გარკვეული ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესაძლებლობა, ოღონდ სხვადასხვა ფორმით“, - აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლის ტაქტიკას, როგორც ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რუსეთმა ვერცერთ წარმატებას ვერ მიაღწია.

ამასთან, კაპანაძე აღნიშნავს, რომ თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ დაიდო, რუსეთი შეძლებს, „მიწასთან გაასწოროს და აიღოს მარიუპოლი“.

"ცალსახაა, რომ რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, რომელიც ჰქონდა, ერთის გარდა - დერეფნის გაკეთება რუსეთსა და ყირიმს შორის, ამას ფაქტობრივად მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლი დგას და ბრძოლობს, მის ჩრდილოეთით მოხდა დერეფნის გაყვანა. მინდა ვცდებოდე, მაგრამ თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ დაიდო, ალბათ საბოლოო ჯამში, რუსეთი შეძლებს, რომ მიწასთან გაასწოროს და აიღოს მარიუპოლი. ამით მთელ უკრაინას აზოვის ზღვას მოწყვეტს. უკრაინა დროებით აზოვის ზღვის გარეშე დარჩება.

რატომღაც ვთვლიდით, სასწაულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ასეთ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს. რატომ არის სასწაული?! უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპაში სიდიდით მეორე იყო. თავისი მომზადებით, სულისკვეთებით, მორალური მდგრადობით და ხალხთან ერთიანობით რუსეთთან შედარებით გაცილებით ძლიერი იყო. ტექნიკურად, რაოდენობრივი თვალსაზრისით რუსებს გაცილებით უფრო ძლიერი დანაყოფი ჰყავთ. რუსებმა შეცდომა დაუშვეს, დაზვერვის ჩავარდნა ჰქონდათ, ოპერატიული დაგეგმვის ჩავარდნა ჰქონდათ, ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე, თავისი ძალები, საკუთარი მოქმედებები ვერ დაგეგმეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ თავით მაღლა დგას ბრძოლისუნარიანობით და მორალური მდგრადობით, ასევე სამხედრო ეფექტიანობით. რუსეთი დიდ დანაკარგს იღებს. მისი დღიური დანაკარგი 46-47 ადამიანია. ეს როდესაც ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მათი დღიური დანაკარგი 8-9 ადამიანი იყო. დიახ, რუსეთი იღებს დიდ დანაკარგს, მას დიდი ტექნიკური დანაკარგი აქვს, მაგრამ მას გააჩნია რესურსი, რომ ის ტერიტორია, რომელიც დაკავებული აქვს, სცადოს და შეინარჩუნოს“, - აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზებზეც ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.

"მე წარმომიდგენია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცხადებული გვაქვს პოლიტიკურ დონეზე, რომ ქვეყანა აღნიშნულ პრობლემას მხოლოდ მშვიდობიანი გზით წყვეტს. ეს არის მოცემულობა. ამ მშვიდობიანი გზების სხვადასხვა ვარიანტია. სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს და ალბათ მიმდინარეობს მუშაობა, რაღაც სცენარები უნდა მუშავდებოდეს. ძირითადი არის ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ეს ნათელია“,- აღნიშნავს კაპანაძე.

ამასთან განმარტავს, რომ ოპოზიციის განცხადებების მოსმენისას მას არ აქვს შთაბეჭდილება, რომ ისეთ სცენარზეა საუბარი, რომლითაც ქვეყანა აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შეიძლება შევიდეს მორიგ სამხედრო დაპირისპირებაში.

„მე არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. ოპოზიციურ სპექტრში არ არის მილიტარისტული მოწოდებები. ყველას ესმის, რომ საქართველო უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ყურადღებით. ზედმეტად ჩართულობა საომარ მოქმედებებში ქვეყანას ამ ეტაპზე არ აწყობს“,- აღნიშნავს კაპანაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს