საია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას განხილული დავების ტენდენციებზე ანგარიშს აქვეყნებს აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალდარღვევის ფაქტებს სანქციის გარეშე ტოვებს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისას განხილული საარჩევნო დავების ძირითადი ტენდენციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საია-ს ცნობით, ძირითად ტენდენციად გამოიკვეთა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება.

გარდა ამისა, მათი შეფასებით, სასამართლო საარჩევნო სამართალდარღვევების მიმართ ლოიალურ მიდგომას ირჩევს და აშკარა სამართალდარღვევის ფაქტებს სანქციის გარეშე ტოვებს.

„2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე, 2020 წლის არჩევნების მსგავსად, აქტუალური იყო წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება. ისინი, ძირითადად, არ აკმაყოფილებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებზე წარდგენილ საჩივრებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს სათანადოდ არ ასაბუთებდნენ.

საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახლა დათვლის შემთხვევები. არჩევნების პირველ ტურზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საბოლოო ჯამში, 3743 საარჩევნო უბნიდან 811 საარჩევნო უბნის მონაცემი ხელახლა დათვალეს, რაც, დაახლოებით, საერთო რაოდენობის 22%-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალმა დათვლამ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემის შეცვლა საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის თითქმის 7%-ში გამოიწვია.

საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს პრაქტიკით დადასტურდა, რომ შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 უბნის გადათვლა არ არის საკმარისი, რადგან, გადათვლისას აღმოჩენილი ხარვეზების მიუხედავად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეაგირების დამატებით მექანიზმებს“,-აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაიში.

მათი განმარტებით, საგრძნობლად დაბალი იყო სასამართლო სისტემაში განხილული საარჩევნო დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.

„სასამართლო საარჩევნო სამართალდარღვევების მიმართ ლოიალურ მიდგომას ირჩევს და აშკარა სამართალდარღვევის ფაქტებს სანქციის გარეშე ტოვებს. სასამართლომ, ჯამში, 26 საქმე განიხილა. მათგან, საბოლოოდ, განხილვა დასრულებულია 24 შემთხვევაში. აქედან სასამართლომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დაადგინა 12 საქმეზე, ხოლო დანარჩენი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ 12 შემთხვევიდან, რომელთა განხილვაც დასრულებულია, სასამართლოს არცერთ საქმეზე არ გამოუყენებია კანონით დადგენილი სანქცია, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

პერიმეტრზე მომხდარი დარღვევები სათანადოდ არ აღირიცხება, მათ შორის, შეუძლებელია იმის სრულყოფილი შემოწმება, რამდენად ეფექტიანია რეაგირება თითოეულ ფაქტთან მიმართებით.

2021 წლის არჩევნებზე კვლავ ხშირი იყო პრობლემები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, მათ შორის, დისბალანსის თვალსაზრისით. ოქმებში მეტობით ან ნაკლებობით გამოხატული დისბალანსი არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი გამოწვევა და ეს საკითხი წინა არჩევნებზეც აქტუალური იყო“,-აღნიშნავენ საია-ში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, პრობლემად რჩება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული პრაქტიკაც.

რაც შეეხება საერთო სასამართლოებში ამ ტიპის დავების განხილვას, საია-ში აცხადებენ, რომ კვლავაც პრობლემურია მათი მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების განმარტების საკითხი, რაც საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო სასამართლო კონტროლს გამორიცხავს.

„პრობლემად რჩება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვასთან დაკავშირებით დადგენილი პრაქტიკაც. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება დისკრეციული უფლებამოსილების არსს და მიღებულ გადაწყვეტილებებს სათანადო სასამართლო კონტროლის მიღმა ტოვებს.

დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე არ მომხდარა სათანადო რეაგირება შესაბამისი პირების მხრიდან, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო სადავო ფაქტების მიმართ მტკიცების ტვირთის არასათანადო განაწილებით. საჩივრის განმხილველი პირები არ იზიარებდნენ დამკვირვებლების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებს მაშინ, როდესაც პოტენციური სამართალდამრღვევების სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებიც კი მიიღებოდა მხედველობაში. ისინი შესაძლებლობების არსებობის მიუხედავად, სიღრმისეული შესწავლის გზით არ ცდილობდნენ სადავო ფაქტების დადგენასა და ნეიტრალური მტკიცებულებების მოძიებას. საარჩევნო დავების ანალიზის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საია-მ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა“,-აღნიშნულია საია-ს ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს