მაია ბითაძე ოპოზიციას - არ გაბედოთ და ქართველებს რუსეთუმეებს ნუ გვეძახით! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი! - ხანდახან მგონია, რომ ჩვენი მასწავლებლები ხართ, მოდით რა, გვემუშავეთ

ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, არ გაბედოთ და რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი, რომლის იქითაც კარგავს მოთმინებას, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ბითაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ პარლამენტში აქტიურად იმუშაონ. ამასთან აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყოველდღე ცდილობს ახალი პრობლემა „გამოაცხოს“.

„ბოლო რამდენიმე დღეა ახალ დაკვირვებას ვაწარმოებ, ვცდილობ ვუყურო ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერებს და დაკვირვებით მოვუსმინო. დავაკვირდი, რომ დილით, თუ ირაკლი კობახიძე ან ჩვენი რომელიმე კოლეგა გააკეთებს განცხადებას, რომელიც სწორია და მათაც იციან რომ სწორია, შემდეგ ტელევიზიებში თავისად ასაღებენ და ჭკუას გვარიგებენ. ჩვენმა პარტიის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან არაფერი გვაქვს საომარი, ამის შემდეგ საღამოს ეთერში დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ასე უნდა გეთქვათო. ასე ხდება ყველაფერზე. რეზოლუციის მიღებაზე არ იყოს, აქეთ გვეუბნებოდნენ რეზოლუცია უნდა მიიღოთო და თვითონ აკრიტიკებდნენ ამ რეზოლუციას კოპენჰაგენის პრინციპებს რატომ ტოვებთო, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც აბსურდია. მართლა გულწრფელად მჯერა, რომ სადღაც, ყოველ საღამოს ან რომელიღაც ტელევიზიაში, ან სადმე მომდევნო დღის მავნებლური დღის წესრიგი ჩნდება, რომლის მიხედვითაც მერე ცდილობთ დღის წესრიგი ააგოთ, თან გვეჩხუბებით.

ხანდახან მგონია, რომ ჩვენი მასწავლებლები ხართ. თანამედროვე მასწავლებლებიც კი არ ლაპარაკობენ ასეთი დიდაქტიკური ტონით. მოდით რა, გვემუშავეთ. არაფრით არ ინტერესდებით, სამაგიეროდ, აქ გამოდიხართ და გვეჩხუბებით. როდის უნდა დამთავრდეს? როგორ გგონიათ, ვისზე დგას ეს სახელმწიფო? - საჯარო მოხელეებზე დგას, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, რომ ეს რეზოლუცია მიგვეღო და განაცხადი გაგვეკეთებინა. ეს ქვეყანა დგას პატრიოტიზმზე და ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, არ გაბედოთ, მივმართავ ბატონ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ახლა აქ არ არის და ალბათ, მაკულატურას აგროვებს, სჩვევია ხოლმე, ფურცლებს შეაგროვებს და ჰგონია შიგნით რაღაც წერია, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი, რომლის იქითაც კარგავს მოთმინებას. მესმის, რომ ეს ზღვარი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თქვენც გაითვალისწინეთ, ნუ გვეჩხუბებით და ამომრჩეველს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ.

20% ოკუპირებული, ეს ჰაერიდან მოსული სიტყვები არ არის. ოკუპირებულები ვართ, საშინელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით და ყოველ საღამოს ცდილობთ გამოაცხოთ ახალი პრობლემა მომდევნო დღისთვის და საბოლოო ჯამში, ღმერთმა დაიფაროს და ამ ქვეყანას რომ შეერყეს საფუძვლები, ისეთი ქვეყანა უნდა მართოთ მერე? ეს გინდათ, რომ ამით შეცვალოთ ხელისუფლება? ვერ მართავთ, ჩამოიქცევა ეს ყველაფერი. და თქვენ თუ არ გიყვართ თქვენი შვილები, ჩვენ გვიყვარს. რუსეთუმეები მოიკითხეთ იქ, სადაც 2008 წლის შემდგომ გავხდით არა ენერგოდამოუკიდებლები, არამედ მეტად ენერგოდამოკიდებული. ეს გაიხსენეთ ხოლმე. ნუ გვატყუებთ ხოლმე! ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ თავი შეიკავეთ, იმუშავეთ! არ არის პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკური დაწესებულება, აქ თან ვმუშაობთ!“ - მიმართა ბითაძემ ოპოზიციას.

ბითაძის ამ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გამოეხმაურა და აღნიშნა: „მე მჯერა, რომ გიყვართ თქვენი შვილები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეც მიყვარს ჩემი შვილები. როდესაც აქეთ გვითითებთ კორექტულობაზე, თქვენც გმართებთ, საუბრის დროს მოზომოთ, რას ლაპარაკობთ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა