მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე - ცალსახად ტყუილს ამბობენ - არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ელჩების დანიშვნაზე პასუხიც კი არ მიუწერიათ ან წერილობითი უარია ნათქვამი, არსებობს დახურული მიმოწერაც

ცალსახად ტყუილს ამბობენ - არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამის მიმართვაზე, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ გასულ წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს ელჩობის 12 კანდიდატი წარუდგინა და ყველა მათგანის დანიშვნაზე პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

მდინარაძის თქმით, საგარეო უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს დახურული მიმოწერაც. მდინარაძე ამბობს, რომ “ამან მათ მისცა საშუალება, თავიანთი გათვლებით, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ”.

“თუ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ეს მიმოწერა არის დახურული ფორმატის, როგორც მე ვიცი, ამას ვერ იტყვიან და სარგებლობენ ამით და უბრალოდ, ცალსახად ტყუილს ამბობენ, ეს არის ძალიან ცუდი. უკვე მეც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ დავაზუსტე, რომ რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაზე პასუხი საერთოდ არ არის გაცემული და რამდენიმე ელჩთან დაკავშირებით არის წერილობითი უარი. რაოდენობრივად შესაძლებელია უფრო დააზუსტონ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ცალსახად არასწორი ინფორმაცია, რომ მიმართვაზე, რაც გაიგზავნა, ყველაზე იყო დადებითი პასუხი, ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პასუხიც კი არ მიუწერიათ უკან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და არის რამდენიმე შემთხვევა, როცა წერილობითი უარია ნათქვამი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამის მიმართვაზე. იქ არის მთელი რიგი პროცედურები, სანამ თანახელმოწერასთან მივა საქმე, მანამდე არის პროცედურები, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობას და ადმინისტრაციას შორის, რაც არის დახურული და თუ ისინი (პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია) იმით სარგებლობენ, რომ რადგან დახურულია, რაოდენობაზეც კი ვერ გააკეთებენ აქცენტს და საერთოდ ვერაფერს იტყვიან, ეს არის არასწორი წარმოდგენა, რამაც მათ მისცა საშუალება, თავიანთი გათვლებით, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ,“ -განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ მიმოწერა არის პროცედურის ოფიციალური ნაწილი.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს