გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, „ქართული ოცნება" რომ დაგაძალებთ მხოლოდ მაშინ კი ნუ ამოიღებთ ხმას, არამედ თქვენი ინიციატივით გამოდით და გვითხარით, სად არის პრობლემები საგარეო ურთიერთობებში

მოვუწოდებ პრეზიდენტს, მხოლოდ "ქართული ოცნება" რომ დაგაძალებთ მაშინ კი ნუ ამოიღებთ ხმას, არამედ თქვენი ინიციატივით გამოდით და გვითხარით, სად არის პრობლემები საგარეო ურთიერთობებში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძე ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას და ამაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის რაც ხდება, უსისტემო საბავშვო ბაღს ჰგავს.

"ძალიან მძიმეა დაინახო, როგორ ექცევა სახელმწიფო ინსტიტუციებს "ქართული ოცნება". არ ვიცი, ჩურჩულით უთხრეს ვიღაცის დანიშვნა თუ როგორ, ოფიციალურ დოკუმენტს ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ვინმეს დანიშვნა მოეთხოვოთ და ამაზე ოფიციალურადვე უარი იყოს მიცემული პრეზიდენტის მხრიდან, ეს ფაქტია. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტს სჭირდება მეტი გამბედაობა იმისთვის, რომ მეტად ისაუბროს პრობლემებზე, რომელსაც საგარეო ვექტორთან, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" უქმნის საქართველოს, რადგან დღეს საქართველოს უსაფრთხოება და მშვიდობის შენარჩუნება გადის სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობაზე. მოვუწოდებ პრეზიდენტს, მხოლოდ "ქართული ოცნება" რომ დაგაძალებთ მაშინ კი ნუ ამოიღებთ ხმას, არამედ თქვენი ინიციატივით გამოდით და გვითხარით, სად არის პრობლემები საგარეო ურთიერთობებში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ „გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით , ინფორმაცია, რომ ბოლო ერთ წელში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ ასახავს რეალურ სურათს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს