რატი იონათამიშვილი ელჩის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე - საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს, ამაზე არ ვისაუბრებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას შიდა საკადრო გადაწყვეტილებას უწოდებს. იგორ დოლგოვის საქართველოდან გაწვევისა და ამ საკითხზე ზელენსკის განცხადების კომენტირებისას რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის შიდა საკადრო გადაწყვეტილებებზე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, უკრაინის მიმართ აქტიური და ინტენსიური მხარდაჭერა ორი მიმართულებით - საერთაშორისო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა. საქართველო ყველა ამ მიმართულებით, ვფიქრობ, გამორჩეულია ყველა სხვა ქვეყანას შორის. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, სადაც ჩვენი ქვეყანა არის აქტიური, შიგნით, საკადრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს, ამაზე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო