გიორგი ვაშაძე - უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ელჩის გაწვევის თაობაზე, დემარშია - კიდევ მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ამ ვითარებაში საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ხაზი ბოლომდე არ გადაჭრა

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე, დემარშია - კიდევ მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ამ ვითარებაში საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ხაზი ბოლომდე არ გადაჭრა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მთავრობას დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააღრმავა.

„რა უნდა გააკეთოს ელჩმა, როცა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას უკრაინასთან მიმართებაში საჯაროდ ძალიან მძიმე პოზიცია აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილების მომსწრე ვართ - საუბარია საქართველოზე, რომლისთვისაც უკრაინა უახლოესი ძმა და მეგობარია და უკრაინა, რომლისთვისაც საქართველოა უახლოესი ძმა და მეგობარი. გაჭირვების დროს უახლოესი მეგობრისგან ელოდები სრულ თანადგომას და არა პოლიტიკურ კინკლაობასა და კრიტიკას. საქართველოს მთავრობას ერთი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობები გამოესწორებინა, რაც არ გამოიყენეს. ამის შედეგია ელჩის საბოლოოდ გაწვევა და შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "ქართული ოცნება" არ ასხივებს იმას, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას. ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა განცხადება არის იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არიან "ნაცები" და ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებულ სანქციებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

"ყველა ეს განცხადება მათ ძალიან ცუდ პოზიციაზე მიუთითებს. "ქართული ოცნება" იმ პოლიტიკურ ძალად იქცა, რომელიც აფასებს სიმხდალეს, ხოლო გაბედულ, პრინციპულ ნაბიჯებზე ამბობს, რომ ეს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს არის რეალობა, რომელიც შემჩნეულია არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

როცა უკრაინელი დევნილებისთვის უფასო საცხოვრებელიც კი არ გამოუყვიათ, სხვაზე რაზე ვლაპარაკობთ?! ჰუმანიტარულ საკითხებშიც კი მყარი მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მესმის, რომ ჩვენ ჩვენი დევნილები გვყავს და ბევრი სხვა სოციალური პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა უზარმაზარი დარტყმის ქვეშ არის უკრაინა და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს