ანზორ ბიწაძე - ბიბილოვის განცხადების შემდეგ განგაშის ხმა უნდა ისმოდეს, პოზიციიდანაც, ოპოზიციიდანაც, საზოგადოებიდანაც, სად არის ეს ხმა?

დღეს 31 მარტია, დღე, როდესაც აფხაზებმა და ოსებმა, ჩვენთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობას მისცეს ხმა. გუშინ გვიან საღამოს კი რა მივიღეთ? - მორიგი დიდი დარტყმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და დამოუკიდებლობაზე, შეიძლება არანაკლები, ვიდრე 2008 წელს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიწაძის თქმით, ცხინვალის ხელისუფლების განცხადების შემდეგ, მათი მხარდამჭერების სამანქანო კოლონები გვიან ღამემდე დადიოდნენ ცხინვალში და მსვლელობით ზეიმობდნენ მათსავე გადაწყვეტილებას, ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ, „თბილისიდან კი დუმილი ან რამდენიმე განცხადება თუ მოსჩანს“.

„ახლა, პოზიციაც და ოპოზიციაც, პირველ რიგში, საზოგადოება, განგაშით უნდა ვიყოთ დაკავებული ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. ნუთუ არ შეგვიძლია, გავერთიანდეთ ყველანი, განურჩევლად პარტიულობისა და პოლიტიკური პოზიციებისა და დიდი პროტესტი დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს დევნილებს, რომ საქართველო ამ ყველაფერს არასოდეს არ შეეგუება. თუკი ცხინვალის რეჟიმის მხარდამჭერები ატარებენ აქციას აღფრთოვანებით გუშინდელის შემდეგ, რატომ არ შეგვიძლია მთელი საქართველო გამოვიდეთ ქუჩაში და მშვიდობიანად, ყველამ ერთად დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება? ხელისუფლების იმედი, გასაგებია, არავის გვაქვს, მაგრამ ყველამ ჩვენი წილი თუ არ გავაკეთეთ ახლა, მომავალ თაობებს ვერავინ აუხსნის - მაშინ ხელისუფლება არ გვივარგოდაო!“ - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

ამასთან, როგორც ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ შემდეგ გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო