გია ვოლსკი - უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი არიან

უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან „ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი ელჩის გაწვევას დემარშად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის.

„არც ისეთი გულუბრყვილო ვართ ჩვენი საზოგადოება, დავიჯეროთ, მხოლოდ იმის გამო გაიწვია ელჩი, რომ თურმე იარაღი ვერ მიიღო და სამხედრო მხარდაჭერა საქართველოსგან და მაროკოსგან, როცა უამრავი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ვფიქრობდი, ვფიქრობ და ალბათ, მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, არიან "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, თვითონ ელჩის გაწვევის ამ დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არამარტო ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და რომელიც არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს. არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც სულ ახლახან ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ და ასევე კონგრესმენებისგან შემდგარმა ჰელსინკის საბჭომ უპასუხა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს იმ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, რომელიც მან გაუწია და უწევს უკრაინას ამ მძიმე დროს",- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავად მხარი უნდა დაუჭირონ არა უკრაინის პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს იმის მიუხედავად, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც, მისივე შეფასებით, არის არა "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირე, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი.

„რაც შეეხება ომში მყოფ პრეზიდენტს, ზუსტადაც ომში მყოფ პრეზიდენტს არ უნდა უპასუხო გარკვეული ქმედებებით, შეიძლება მე განცხადება გავაკეთო, ხისტიც, შევაფასო, მაგრამ რეალურად ჩვენ ომში მყოფ არა პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მათი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში, რომლებიც ათასობით არიან და გავაგრძელოთ ის მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მიყვებოდა და გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის მოკავშირე კი არა, შემადგენელი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის". საერთაშორისო სანქციები არსებობს, მაგრამ ყველგან კარგად ესმით, რომ საერთაშორისო სანქციისთვის უნდა გაგაჩნდეს სანქცირების მექანიზმი, რაც საქართველოს არ გააჩნია და ათასგზის არაადეკვატური შეფასებაა ალბათ, წარმოუდგენლად დიდი იქნება განსხვავება რა ზარალსაც მიიღებს არა მარტო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, არამედ პირადად თქვენ, რომელიც შეკითხვას სვამთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, "მეხუთე კოლონა" ძალიან რბილი შეფასებაა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

"ერთი მხრივ, როდესაც ამბობ, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენ გაერთიანება გვჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარ ქვეყანას ამბრალებ, რომ არასწორი პოზიციით გამოდის, “მეხუთე კოლონა“ ძალიან რბილი შეფასებაა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის", - განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკიმ ამ კონტექსტში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ “ბოლო პერიოდის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ათენებენ და აღამებენ უკრაინის იმ ლიდერებთან, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს“. “ქვეყნის მტრობად უნდა განვიხილოთ, როცა მათ განცადებებს ემთხვევა განცხადებები, რასაც ჩვენ უკრაინის მაღალჩინოსნებისგან ვისმენთ“, - დასძინა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

„არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“
ახალი შესაძლებლობა IT სფეროს წარმომადგენლებისთვის - "Devexperts" უკვე საქართველოშია
2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი